მივაღწევთ, რომ მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ – მირიან წიკლაური

საპარალამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ დეპუტატები მიაღწევენ იმას, რომ მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს მთავრობა გაიწვევს პარლამენტიდან. იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, დეპუტატები კი საზოგადოების ნების აღმსრულებლები უნდა იყვნენ.

“ეს არის საზოგადოებრივი მოთხოვნა და ჩვენ, მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრები, მათი ნების აღმსრულებლები უნდა ვიყოთ. სხვა გამოსავალი აქ არ არის. თუ გნებავთ ამის შესახებ გამოკითხვა ჩაატარეთ ჟურნალისტებმა, შეგიძლიათ, მოსახლეობის განწყობა გაიგოთ, ისინი ცალსახად ამ კანონის მიღების წინააღმდეგნი იქნებიან. ეს კანონი გაწვეული უნდა იყოს პარლამენტიდან, ამის განხილვაც კი არ შეიძლება. ტოქსიკოლოგებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ გაზრდილია ინტოქსიკაციები არასრულწლოვნებში”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტომ 2 კანონპროექტი შეიტანა პარლამენტში, ერთ-ერთი შეეხება მარიხუანის მოხმარების რეგულაციას, რასაც თავად წიკლაური მხარს უჭერს, თუმცა მიაჩნია, რომ საჭიროა გარკვეული ელემენტების გათვალისწინება, მათ შორის, ჯგუფურ მოხმარებასთან და რეკლამასთან დაკავშირებით.

“მარიხუანის რეკლამირების ჯარიმა იმდენად მცირე თანხით განისაზღვრება, რომ რეკლამა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჯარიმა. ეს მის რეკლამირებას ვერ შეაფერხებს. გარკვეული დეტალებია დასამატებელი და 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პირველივე სხდომაზე განვიხილავთ კანონპროექტს მეორე მოსმენით”, – აცხადებს მირიან წიკლაური.

მსგავსი თემები