საკოორდინაციო საბჭოს ძალიან დიდი შეცდომაა, რომ ყველა კოვიდგადატანილს აძლევს “მწვანე პასპორტს – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს შეცდომაა ის, რომ ყველა ადამიანს, ვინც ოდესმე კორონავირუსი გადაიტანა, “მწვანე სტატუსი” ენიჭება.

ცერცვაძე ფიქრობს, რომ მხოლოდ იმ პირებს უნდა მიეცეთ კოვიდპასპორტი, ვინც კორონავირუსი ბოლო 6 თვეში გადაიტანა და იმედოვნებს, რომ საბჭო ამას გამოასწორებს.

“ეს არის ძალიან დიდი შეცდომა საკოორდინაციო საბჭოსი, რომ ყველა კოვიდგადატანილს აძლევს “მწვანე პასპორტს.” მხოლოდ იმათ, ვისაც ბოლო 6 თვეში აქვთ გადატანილი, უნდა მიეცეთ “მწვანე პასპორტი”, ასეა უცხოეთის ყველა ქვეყანაში. რა გამოვა – საქართველოს ნება ორი კოვისდპასპორტი – ერთი უცხოელებისთვის სადაც მხოლოდ ბოლო 6 თვის კორონავირუსის გადატანა ჩაითვლება და მეორე, შიდა მოხმარებისთვის – სადაც ყველა კოვიდგანატანილი ჩაითვლება. ეს სწორი არაა და, იმედი მაქვს, გამოასწორებენ,”-აცხადებს ცერცვაძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანაში “მწვანე პასპორტები” ამოქმედდა. ვისაც “მწვანე სტატუსი” არ აქვს, შესვლა ეკრძალება რესტორნებში, კინოთეატრებში, გასართობ ცენტრებში, სასტუმროებში და სხვა დაწესებულებებში. ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების მიღება-მიწოდების მიზნით, შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია, რომლითაც ხდება ადამიანების შემოწმება – აქვთ თუ არა მათ “მწვანე სტატუსი”. 

იმისათვის, რომ პიროვნებას ჰქონდეს “მწვანე სტატუსი”, უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული; ან ჰქონდეს გადატანილი კორონავირუსი; ან გაკეთებული ჰქონდეს PCR ტესტი (72 საათიანი ვალიდურობის) ან ანტიგენის სწრაფი ტესტი (24 საათიანი) ვალიდურობის. 

მსგავსი თემები