“რუსეთს მანამდეც გამოუყენებია ძალა საქართველოს და უკრაინის მიმართ, უნდა დავუშვათ შესაძლებლობა, რომ ის ძალას კვლავ გამოიყენებს” – იენს სტოლტენბერგი

ლატვიის დედაქალაქში NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე, სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთს დიდი ფასის გადახდა მოუწევს, თუ უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გამოიყენებს ძალას.

იენს სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთმა მოსკოვს უკვე უჩვენა, რომ ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური სანქციების დაწესება შეუძლია.

“ჩვენ შევთანხმდით, რომ ყოველთვის გვექნება ბერკეტები ჩვენი მოკავშირეების დასაცავად, ნებისმიერი პოტენციური საფრთხისგან. ვხედავთ, რომ რუსეთს მანამდეც გამოუყენებია ძალა ევროპელი მეზობლების წინააღმდეგ, საქართველოს და უკრაინის მიმართ. მისი ჯარები იყო განთავსებული მოლდოვასთან. ამიტომ, აუცილებელია, დავუშვათ შესაძლებლობა, რომ რუსეთი ძალას კვლავ გამოიყენებს. იმედი გვქონდეს უკეთესი სცენარის განვითარების, თუმცა, მზად უნდა ვიყოთ უარესისთვის.

NATO ყოველთვის მზადყოფნაშია და ყოველთვის ვავლენთ მზადყოფნას დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები. NATO-ს 3 მოკავშირე შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოა; NATO-ს 2 ახლო მოკავშირე უკრაინა და საქართველოა. რა თქმა უნდა, ეს რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია NATO-სთვის. მოუთმენლად ველი უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები ჩვენი 2 ახლო პარტნიორის ამ რეგიონში,”-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

მსგავსი თემები