„თუ დავკარგავთ კავშირს სარისკო სფეროებში,  ვრისკავთ, დავკარგოთ ის სხვაგანაც“ – შარლ მიშელი საქართველოზე  

ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოში  დაგეგმილი რეფორმები ბოლომდეა მისაყვანი. როგორც შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გამოწვევები ერთად უნდა დაძლიონ, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობით.

„საქართველოში ჩვენ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე დაგეგმილი რეფორმები თანმიმდევრულად და დამაჯერებლად, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემით და სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით. თუ დავკარგავთ კავშირს სარისკო სფეროებში, ვრისკავთ, დავკარგოთ ის სხვაგანაც. აღმოსავლეთ პარტნიორებთან მიმართებაში გამოწვევები ერთად უნდა დავძლიოთ, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობით. ინიციატივების მეტად მხარდაჭერა გააძლიერებს თანამშრომლობას პარტნიორებს შორის. მათ შორის სამ ასოცირებულ პარტნიორს შორის – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა“ – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა.   

მისივე შეფასებით, მთავრობის ანგარიშვალდებულებაში სამოქალაქო საზოგადოებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ.

„მთავრობის ანგარიშვალდებულაში სამოქალაქო საზოგადოებებს გადამწყვეტი როლი აქვთ. 2020 წლის შემდეგ ჩვენი დღის წესრიგი ფოკუსირებულია აღდგენაზე, მედეგობასა და რეფორმაზე. პოსტ პანდემიური აღდეგნისთვის დაგეგმილია 2 მილიარდი ევროს მობილიზება. ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები: ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ანგარიშვალდებულება, გენდერული თანასწორობა არის პარტნიორობის ქვაკუთხედი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მსგავსი თემები