„ძალიან ბევრი მირტყეს ხელებში, ფეხებში, იყო მოხრჩობის მცდელობა. ეს იყო გამიზნული, მოსაკლავი აქტი“ – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე რუსთავის იზოლატორიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მოტყუებით, ძალით წაიყვანეს. მისივე თქმით, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება მის მოსაკლავად.

„დანიშნული მქონდა შეხვედრა დედაჩემთან და ჩემს ორ შვილთან. ასევე, სახელმწიფო კონსილიუმთან. მუდმივად  მეუბნებოდნენ, რომ ხან კონსილიუმს არ სცალია, ხან ჩემები არ მოვიდნენ, ჩვეულებრივად მატყუებდნენ.  შემდეგ შემოდის ჩემს საკანში ციხის უფროსი და მეუბნება, დაკმაყოფილდა თქვენი შუამდგომლობა, თქვენ გადაყავხართ მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში.  ვუთხარი სად არის ეს კლინიკა, მან მითხრა – თბლისში, ნუ ნერვიულობთ კარგი კლინიკაა. შენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით, თუმცა, ზუსტად ისაა, რაც გინდოდათო.

ჩავჯექი სასწრაფო დახმარების მანქანში. მიმიყვანეს გლდანის დაწესებულებაში, სადაც პატიმრებმა წინასწარ იცოდნენ რომ მე მივდიოდი, რადგანაც, არ იყო იყო გაღებული სასწრაფო დახმარების კარი, როგორც კი მანქანა შევიდა, ატყდა შუმოკი და ჩემი სახელის ძახება. არავინ იცოდა რომ იქ მივდიოდი, ამათ კი რატომღაც იცოდნენ.

შემდეგ, გაიღო კარები. მე ვუთხარი, რომ ჩემი ნებართვის გარეშე არავის აქვს უფლება ჩემი გადაყვანის. როცა ვუთხარი, რომ არ გადავალ მანქანიდან და ვითხოვ უკან დაბრუნებას მეთორმეტე დაწესებულებაში, ძალიან გადმომათრიეს. როდესაც ვცადე ხელიდან დასხლტომა, ძალიან ბევრი მირტყეს ხელებში, ფეხებში იყო მოხრჩობის მცდელობა და კისერში წაჭერის მცდელობა. გამაძრეს ფეხსაცმელები, ზედა ტანსაცმელი, ნაწილი შემომახიეს და ასე შიშველი ამიყვანეს ცემა-ტყეპით და გინებთ და დამაგდეს პალატაში“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება.          

მსგავსი თემები