“მსოფლიო არ იყო მზად ამ გამოწვევისთვის, 21-ე საუკუნე შეიძლება გახდეს ახალი ინფექციების საუკუნე” – ამირან გამყრელიძე NCDC-ის 2 წლიანი მუშაობის ანგარიშს წარადგენს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2 წლის მუშაობის ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრიც ესწრება.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსი 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევად იქცა, მათ შორის საქართველოსთვისაც. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სისტემაში არსებული პრობლემები აღმოიფხვრას და საზოგადოება დაცული იყოს ჯანდაცვითი რისკებისგან.

“რეალური ომი არის დღეს მიკროსამყაროსთან. მსოფლიო არ იყო მზად ამ დიდი გამოწვევისთვის და დგება ახალი გეგმები 21-ე საუკუნეში, იმიტომ, რომ ეს არ იქნება პრეცედენტი. 21-ე საუკუნე შეიძლება გახდეს კიდევ ახალწარმოშობილი სხვა ვირუსული ან არავირუსული ინფექციების გაჩენის საუკუნე. ჩვენი მთავარი მისიაა, რომ ვემსახუროთ ქვეყანას და საზოგადოება დაცული იყოს ჯანდაცვითი რისკებისგან და მოვახდინოთ ამ რისკების მინილიზაცია.

საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა იმუნიზაციის თვალსაზრისით, მაგრამ გასაკეთებელი ძალიან ბევრია. გამოწვევებიც ბევრია, ამიტომაც ჩვენი მუშაობის საზოგადოებასთან შესაბამისად მიტანაში ბევრი ნაკლია, რაც გამოსასწორებელია და მხედველობაში მისაღები,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელობით ქვეყანაში არაერთი წარმატებული ინიციატივა განხორციელდა. მისი თქმით, მნიშნველოვანია NCDC-ის სახელმწიფო მეტად უჭერდეს მხარს.

მსგავსი თემები