საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებების დასაცავად, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა.
როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს შესთავაზა ხელშეკრულების პირობების შეცვლა, რასაც საფუძვლად ედო კანონშეუსაბამო პირობები, შედეგად მაუწყებლის ათობით თანამშრომელი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.
მათივე განმარტებით, 2018 წლის სექტემბერში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დასაქმებულებს შესთავაზა შრომითი ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული იყო მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესები, ხოლო დასაქმებულთა უფლებები არ ესადაგებოდა საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს. ხელშეკრულებით სრულად შეიცვალა დასაქმებულთა სამუშაო პირობები, რაც დასაქმებულთა საათობრივად დასაქმების სამუშაო რეჟიმზე გადასვლას გულისხმობს. ანაზღაურება კი განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. შეთავაზებაში მოცემულია დღიური ანაზღაურების ტარიფი, მაგრამ არ არის გაწერილი სამუშაო დღეების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა, რაც დამსაქმებელს უტოვებს შესაძლებლობას, რომ დასაქმებულმა ხელშეკრულების შესაბამისად ერთი სამუშაო დღეც ვერ მიიღოს. ამავე ხელშეკრულებით, დასაქმებულს, ასევე, აეკრძალა პარალელურად სხვა მედიასაშუალებაში დასაქმება.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეს კონკრეტული შეთავაზება რეალურად დასაქმებულებისთვის წარმოადგენდა სამსახურიდან განთავისუფლების ანალოგს. დასაქმებულებს გადაწყვეტილების მისაღებად განესაზღვრათ სამდღიანი ვადა. შეთავაზებაზე უარი, ასევე, იწვევდა სამსახურიდან განთავისუფლებას და დასაქმებულთა განთავისუფლების იურიდიულ საფუძვლად შეთავაზებაში მითითებული იყო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი, რაც ზოგადი, ბუნდოვანი ჩანაწერია და არ მოიცავს გათავისუფლების კონკრეტულ საფუძველს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირის წევრებმა, ასევე, მიმართეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მედიაციის დაწყების მიზნით დავის მედიატორის დანიშვნა მოითხოვეს. დასაქმებულებმა მორიგების პირობად ხელშეკრულებაში სავალდებულო მინიმალური სამუშაო დღეების განსაზღვრა დაასახელეს. ასევე, მოითხოვეს, დამსაქმებელს განემარტა და დაესაბუთებინა, თუ რა კრიტერიუმის საფუძველზე გადაირჩა დასაქმებულები.
უკანონოდ გათავისუფლებული პირების უფლებების დასაცავად ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულმა კავშირმა, მოამზადეს სასამართლო სარჩელი. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 18 ოქტომბერს შევიდა.