“მედიკამენტების ფასებს აუცილებლად დავარეგულირებთ ევროპული ქვეყნების მსგავსად, ასეთი უკონტროლო ფასების დაწესება არ შეიძლება” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მედიკამენტების ფასები დარეგულირდება იმგვარად, როგორც ეს ევროპაში ხდება. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა დეკემბერში პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს და პარლამენტთან მჭიდროდ თანამშრომლობით დეკემბერ-იანვარში ახალ კანონს მიიღებს.

“მოვისმინე კონკურენციის სააგენტოს შუალედური ანგარიში და უკვე მივეცი მსვლელობა. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვექნება პარლამენტთანაც და მინდა, რომ ეს კანონი გავიტანოთ. წლის ბოლომდე თუ არა, იანვარში მაინც მინდა, რომ მოვასწროთ ბაზრის რეგულირება ისე, როგორც გაკეთდა ევროპაში. მე, რა თქმა უნდა, ახლის გაკეთებას არ ვგულისხმობ, არ ვცდილობ რაღაც ახალი მოვიგონო, უნდა გაკეთდეს ისე, როგორც გაკეთდა ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში. ძალიან ბევრი მანკიერი, უკვე პრაქტიკაში დამკვიდრებული სქემები და სისტემები არსებობს, რაც რეალურად, საბოლოო ჯამში, ეტყობა ჩვენს მოქალაქეებს და მათ ჯიბეებს. ჩვენ ვზრდით ხელფასებს თუ პენსიებს, მედიკამენტების ფასები ყოველწლიურად პროპორციულად იზრდება და რეალურად, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო ნაკლები მიაქვთ სახლში, ნაკლები ფული რჩებათ დასახარჯი. დეკემბერში პარლამენტში უკვე კანონპროექტს შევიტანთ, მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და ალბათ დეკემბერ-იანვარში კანონს მივიღებთ,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები