„დეოკუპაცია თავისით არ მოხდება. ეს რთული საკითხია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

 „ჩვენ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გამკლავება იმ გამოწვევასთან, რომელიც უკავშირდება ე.წ ბორდერიზაციას და მავთულხლართების ინსტალაციას, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების გატაცებას“ – აცხადებს რაკლი ღარიბაშვილი და განვარტავს, რომ დეოკუპაცია თავისით ვერ მოხდება.

„არაერთი ძალადობრივი ფაქტი, მათ შორის მკვლელობაც დაფიქსირდა და ბუნებრივია, ჩვენ ამ ყველაფერზე გვაქვს მყისიერი რეაგირება და ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. პოლიტიკური მიმართულებით რუსეთთან მიმართებაში ძვრა არ გვაქვს და ეს საკმაოდ რთული საკითხია. რუსეთთან მიმართებაში ჩვენი მთავარი პრეტენზია თუ მთავარი პრობლემა არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთი არ სცემს პატივს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. სწორედ ეს არის მთავარი ბარიერი ჩვენს ურთიერთობებში“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დეოკუპაცია პოლიტიკური პროგრესის გარეშე წარმოუდგენელია.

„დეოკუპაცია რომ თავისით არ მოხდება, ალბათ ყველას კარგად გვესმის. ეს საკმაოდ რთული საკითხია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რომ დასრულდეს დღევანდელი მდგომარეობა, არალეგალური, უკანონო მდგომარეობა, ეს არის მთავარი. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ დეოკუპაცია თავისით ვერ მოხდება, ამას სჭირდება მრავალმხრივი, კომპლექსური მუშაობა და ეფექტური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ერთი ფორმატი, ეს არის ჟენევის ფორმატი. ასეთი პირდაპირი კონტაქტის ორგანიზებას, მცდელობას სჭირდება კარგი დაფიქრება, კარგი მომზადება და ეს უნდა იყოს რეალურად შედეგზე ორიენტირებული და არა მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის. ჩემი პასუხი სწორედ ეს იქნებოდა – ასეთი კონტაქტის თუ შეხვედრის ორგანიზებას სჭირდება კარგი მომზადება“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები