“რუსეთი არ სცემს პატივს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს  და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა ძალიან ბევრი სტრატეგიული აქტივების და ობიექტების გადაცემა, მიყიდვა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიებზე. მისი თქმით, რუსეთი არ სცემს პატივს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. სწორედ ეს არის მთავარი ბარიერი ჩვენს ურთიერთობებში.

„გავიხსენოთ, რა მდგომარეობა გვქონდა 2012 წელს, როდესაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, მაშინ იყო აბსოლუტურად გაწყვეტილი ყოველგვარი კონტაქტი, მათ შორის არც ეკონომიკური, არც კულტურული მიმართულებით არავითარი ძვრები არ ხდებოდა, ერთადერთი, ყველას შევახსენებ, რომ მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილის მიერ იყო მცდელობა იმისა, რომ გახსნილიყო თუნდაც რუსული ბაზარი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღდგენილიყო, ამ მიზნით, მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლებამ მათ შორის უვიზო რეჟიმიც კი შემოიღო რუსეთისთვის, ასევე უპირობოდ დაუჭირა მხარი რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ჩვენ სანაცვლოდ არაფერი მიგვიღია. ეს ყველაფერი ხდება აგვისტოს ომის შემდგომ. ასევე, შეგახსენებთ, რომ სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა ძალიან ბევრი სტრატეგიული აქტივების და ობიექტების გადაცემა, მიყიდვა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიებზე“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დეესკალაციისთვის მიეღწია.  

„როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენი პარტნიორების, მათ შორის ევროპელების, ამერიკელების თხოვნა, რეკომენდაცია, რჩევა იყო, რომ ჩვენ ყველაფერი გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ რეალური დეესკალაციისთვის მიგვეღწია. ვფიქრობ, ჩვენ ეს შევძელით. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ივანიშვილმა დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში და ძალიან ბევრი პრაქტიკული ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, თუმცა პოლიტიკური მიმართულებით ჩვენ არავითარი პროგრესი არ გვქონია. მდგომარეობა არის უცვლელი, გვაქვს სტატიკური მდგომარეობა, ეს სტატუს-ქვო შენარჩუნებულია და ოკუპაციასთან მიმართებაში რაიმე ძირეული ცვლილება არ მომხდარა“ – განაცხადა პრემიერმა.  

მსგავსი თემები