“ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ მისცემს შესაძლებლობას, სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს” – ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განაცხადებით, სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ მისცემს შესაძლებლობას, ის სასამართლო პროცესს უნდა დაესწროს, თუნდაც დისტანციურად.

მისივე თქმით, სასამართლოს სხდომაზე სააკაშვილის პირადი ან დისტანციური დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღეს გაეცნობიან ჩემი ექსპერტები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ალბათ, ზოგად შეფასებებსაც გააკეთებენ მკურნალობის მიმდინარეობის თაობაზე.  შესაძლებელი თუ იქნება და ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დაესწროს თუ ფიზიკურად ვერ მოხერხდა, დისტანციურად, რადგან ჩვენ უკვე შევაფასეთ პირველი სამი პროცესი, სადაც მას არ მიეცა არც ერთი ფორმით დასწრების შესაძლებლობა. გარემოებები, რაც წარმოადგინა იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა, არ იყო იმის სამართლებრივი გამართლება, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრეს სასამართლო პროცესზე დასწრებაზე. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმ სამ შემთხვევაში მისი უმნიშვნელოვანესი, როგორც ბრალდებულის უფლება, რომ პირადად დაესწროს სასამართლოს და ნებისმიერი სხვა ფორმით საჯაროდ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე, იყო დარღვეული. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირადი ან დისტანციური დასწრება ისე, რომ ეს პროცესი იყოს ღია და საზოგადოებას შეეძლოს, თუნდაც ტელევიზიის მეშვეობით, ონლაინრეჟიმში ამ პროცესს მიადევნოს თვალი. ანუ პროცესი უნდა იყოს საჯარო, რასაც ითხოვს სტრასბურგის სასამართლო ნებისმიერი პირის სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ისაუბრა და აღნიშნა,  რომ გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია ექიმების დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. „დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები