გერმანიის ელჩი Bild-ის მიერ მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება

ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტმა ქნირშმა განაცხადა, რითიც გამოეხმაურა Bild-ის სტატიას სათაურით: „ცუდი ეჭვები საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ. როგორც ელჩმა აღნიშნა, გააგრძელებს მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისა და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის.

ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე, იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისა და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის.

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით,“- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ცნობისთვის, Bild-ის სტატიაში საუბარია გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის პროსახელისუფლებო განწყობებზე და ყურადღება გამახვილებულია მისი მეუღლის ევა მარია ქნირშის სამუშაო ადგილზე, როგორც ინტერესთან კონფლიქტის საფუძველსა და კორუფციის შესაძლო მაგალითზე.

„ქნირშს მუდმივად ადანაშაულებდნენ ცალმხრივი განცხადებების გაკეთებაში მმართველი პარტიისა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ, რომელიც პარტიის უკან დგას.

გთავაზობთ ყველაზე გამორჩეულ შემთხვევებს:

ქნირში იცავდა ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისგან. 2020 წლის ივნისში საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტში მიავლინა პოლიტიკოსი {სოფო კილაძე}, რომელიც განიხილება როგორც ჰომოფობად და უმცირესობების მოწინააღმდეგედ. ათობით არასამთავრობო ორგანიზაციამ გააპროტესტა, მაგრამ ქნირშს არ გაუკრიტიკებია საეჭვო დანიშვნა, არამედ მისი კრიტიკის საგანი გახდა სექსუალური უმცირესობების მტრისადმი გაჟღერებული თავად სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა,“- ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ დიპლომატმა პატიმრების გამოშვებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხაზი გააგრძელა, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დადებული 8 მარტის შეთანხმებით გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით მმართველ პარტიას ჰქონდა. სტატიაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას ჰუბერტ ქნირშმა, ოპოზიციონერთა მტკიცებით, მათ გარანტია მისცა, რომ შეთანხმების საფუძველზე, გიორგი რურუა გათავისუფლდებოდა, სამი თვის შემდეგ კი განაცხადა, რომ რურუა 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ ყოფილა.

Bild-ი ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ დიპლომატმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ არჩევნების შედეგების აღიარება სწრაფად გადაწყვიტა, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა 20 ქალაქიდან 19-ში საკუთარი კანდიდატის გაყვანით.

რაც შეეხება ელჩის მეუღლეს ევა მარია ქნირშს, სტატიაში აღნიშნულია, რომ ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით მოწვეულ ლექტორად მუშაობს.

„გერმანიის ელჩის ცოლი ორმაგ სარგებელს იღებს საქართველოში ყველაზე მდიდარი კაცისა და ძალაუფლების მქონე ოლიგარქისგან, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უკან დგას. ერთი მხრივ, უშუალოდ უნივერსიტეტში მუშაობით, რომელსაც ის [ივანიშვილი] დიდწილად აფინანსებს. მეორე მხრივ, გერმანულ კომპანიაში მუშაობით, რომელიც კონსულტაციას უწევს სამთავრობო ოლიგარქის უნივერსიტეტს საქართველოს მთავრობის დავალებით.“- ნათქვამია სტატიაში.

მსგავსი თემები