ორგანიზაცია „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, თბილისის ვაკის რაიონში, ჟვანიას ქუჩაზე კვლავ განახლდა ე.წ. პროკურორების კორპუსის მშენებლობა.
თეა გოდოლაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს იმ საშიშროების შესახებ, რაც შესაძლოა მოჰყვეს, არაკვალიფიციურად ჩატარებული გეოტექნიკურ კვლევებს.
“ვეცდები მოკლედ დავწერო. საკითხი ისევ ჟვანიას ქუჩასა და მის უსაფრთხოებას ეხება.
ადგილობრივმა მოსახლეობამ შეატყობინა ვაკის მაჟორიტარ დეპუტატს: ბიძინა გეგიძეს, რომ მორატორიუმის მიუხედავად პროკურორების კორპუსი კვლავ განაგრძობდა სამშენებლო სამუშაოებს.
მოსახლეობამ შეტანა საჩივარი მერიაში.
მერიამ დააკმაყოფილა საჩივარი და საქმის განხილვამდე შეაჩერა მშენებლობა. მერიაში შეხვედრა შედგა ორჯერ.
პროკურორების კორპუსის მხარემ ჩვენს კვლევაზე საექსპერტო შეფასება დაუკვეთა კერძო კომპანია საინჟგეოს.
ჩვენი ყველა ფრაზა, რაც გეოტექნიკურ კვლევებში, ბაზარზე არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა იქვე, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ერთ ფრაზას გეტყვით მხოლოდ და ცხადად წარმოგიდგებათ სურათი სად ვცხოვრობთ და ვის კვლევებზე დაპროექტებულ სახლებში ვცხოვრობთ:
მე: რას იტყვით ანგარიშში წარმოდგენილ გეოფიზიკურ კვლევაზე დაყრდნობით (სეისმური და ელექტრული პროფილირება) კორპუსის ზემოთ გრუნტის მდგომარეობაზე?
საინჟგეოს ინჟინერ გეოლოგი: მე ვიცი გეოფიზიკა. 1974 წელს შავი ზღვის შელფს ვსწავლობდით მოსკოველ კოლეგებთან ერთად.
სიტყვა-სიტყვით არ მახსოვს, შინაარსი იყო ასეთი. შეხვედრის ჩანაწერი არსებობს. იმედია მერია ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
1975 წელს დავიბადე, 44 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა გეოფიზიკაში“, – წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.