„ექიმების მიმართ მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება არაჩვეულებრივია“ – კონსილიუმის წევრი

სახელმწიფოს ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის ერთ-ერთი წევრის ელენე გიორგაძის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და ის ექიმის მითითებებს ემორჩილება. გიორგაძე მთელი დღის განმავლობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა და ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას დინამიკაში აკვირდებოდა.  

„პირველი სამი დღე ითვლება კრიტიკულად. მერე, ორი დღე არის საყურადღებო. დღეს მეორე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. მთელი დღე აქ ვიყავი. ეს დღე გავიარეთ მშვიდად. მისი მდგომარეობა არის სტაბილური. გუშინ ჰქონდა წნევები. დღეს წნევა ჰქონდა სტაბილური, არც ერთხელ არ დაგვჭირდა პრეპარატის დამატება. დღეს აქ არის მისი პირადი ექიმი, რომელსაც გაცილებით მეტი უფლება აქვს ინფორმაციის გაცემის. ექიმებს, რომლებიც ვმონაწილეობთ მის მკურნალობაში, არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ დაწვრილებით მის ანალიზებზე“ – აღნიშნა ელენე გიორგაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე შეფასებით, გართულებები არ გამოვლენილა, პროგნოზის გაკეთება კი რთულია.  

„ადამიანი როცა წყვეტს შიმშილობას, კვების პროგრამა ინდივიდუალურად დგინდება და დამოკიდებულია სიმაღლეზე, წონაზე და რაც მთავარია, იმ დღეების რაოდენობაზე, რაც შიმშილი გრძელდებოდა. პროგნოზის გაკეთება, როგორ იქნება ხვალ, ზეგ და მაზეგ, როცა ლაპარაკი არის ინდივიდუალურ პაციენტზე, ამას არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მიხეილი თუ სხვა პაციენტი, პაციენტი პაციენტისგან განსხვავდება. შეიძლება ერთ ადამიანს, რომელიც ამთავრებს შიმშილობას, აბსოლუტურად არ მოუხდეს ის პროგრამა, რომელიც უხდება აი, ამ კონკრეტულ ადამიანს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არ მივიღოთ გართულება.

პირველივე დღიდან ექიმების მიმართ პაციენტის დამოკიდებულება არის არაჩვეულებრივი, ძალიან დიდი პატივისცემით არის და ნამდვილად მასთან არც ერთხელ არ გამჭირვებია კომუნიკაცია. მთავარია, ამ ადამიანს აუხსნა, რატომ და რისთვის კეთდება, მერე რომც არ მოსწონდეს რასაც აკეთებს, მაინც მოგყვება. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან თუ არ მოგყვება პაციენტი, უფრო რთულია, რომ გამოუსწორო მდგომარეობა“,- განაცხადა კონსილიუმის წევრმა მედიასთან.

მსგავსი თემები