“პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა – ეგეთი რაღაც თუ არსებობდა, პირველად გავიგე, ყველა პატიმარი არის პატიმარი” – კახა კალაძე

პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურებიან მმართველ გუნდში – “ქართულ ოცნებაში” განმარტავენ, რომ გლდანის ციხის საავადმყოფო მულტიფუნქციურია და ექსპრეზიდენტის მკურნალობა სრულყოფილადაა შესაძლებელი.

უმრავლესობაში, ასევე განმარტავენ, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე, სწორედ ციხის კლინიკას აქვს შესაბამისი ცოდნა, როგორ უმკურნალოს როგორც შიმშილობის, ასევე პოსტშიმშილობის პერიოდში პატიმარს.

რაც შეეხება პატიმრის პრივილეგიებს, თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ყველა პატიმარი თანასწორუფლებიანია და ყველანაირ პრივილეგიაზე საუბარი ზედმეტია.

“პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა, პირველად გავიგე, ეგეთი რაღაც თუ არსებობდა… ყველა პატიმარი არის პატიმარი. ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი და რა თქმა უნდა, მას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება იმ ვადით, რაც აქვს მინიმუმ მისჯილი. მათ აქვთ უფლება, გამოიყენონ პროტესტის სხვადასხვა ფორმა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში,” – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი პატიმრისთვის რთული შესაგუებელია საპატიმროში მოხვედრა და ბევრიც პროტესტის მიზნით შიმშილობის ფორმას მიმართავს. მისივე თქმით, თუ რომელიმე სისტემას გააჩნია რისკების ქვეშ მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მართვა, ერთ-ერთი სწორედ პენიტენციური სისტემაა.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, გლდანის მე-18 დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი იმყოფება, არის ყველა ის შესაბამისი აღჭურვილობა, რაც შესაძლოა პაციენტს დასჭირდეს. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ პატიმრის იზოლირება უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოების ზომების დასაცავად, რაც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში გართულდება. მისივე თქმით, ვერც ერთი კერძო კლინიკა ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

შეგახსენებთ, რომ საუბარია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი ვერ იქნება. პრეზიდენტმა ხელისუფლებას მიმართა და განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისივე ქცევის მიუხედავად, დაცული უნდა იყოს, რადგან ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებას ახსოვს თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტენციურ სისტემაში, ამიტომ, დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება რამეში წინამორბედს დაემსგავსოს. 

პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება და თავად ცდილობს მართოს ეს პროცესი, ეს არ ხსნის და არც ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას.

მსგავსი თემები