„პრობლემა ზიარებაში კი არა, შიმშილობის მარხვასთან გატოლება იყო“ – დეკანოზი ანდრია მიხეილ სააკაშვილის ზიარებაზე

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე ნიკოლოზის განცხადებებზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და აცხადებს, რომ პრობლემა არა სააკაშვილის ზიარებაში, არამედ, შიმშილობის მარხვასთან გათანაბრება იყო.  

„მეუფე ნიკოლოზის ემოციურ კომენტარში და განცხადებაში ვნახეთ შიმშილობის განმარტება როგორც მარხვა. კიდევ სხვა რაღაცეები, რომელიც ეკლესიას არ ეხებოდა. ამან გამოიწვია ძალიან დიდი ვნებათაღელვა. დღეს ისეთია გარემო, შეუძლებელია ყველაფრის გათვალისწინება. ჩვენ რომ დავადგეთ იმ გზას, რომ გარე ვითარებების მიხედვით შიდა გადაწყვეტილებების პრინციპების შეცვლა დავიწყოთ, ხვალ და ზეგ ეკლესიის სწავლებისგან არაფერი დარჩება და გავხდებით პოლიტკური ველის შემადგენელი ნაწილი“ – განაცხადა დეკანოზმა.  

მისივე თქმით, პატრიარქის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით უცნობია, რადგან ეს მას პატრიარქისთვის არ უკითხავს. მანვე განმარტა, რომ პატრიარქის წერილის მთავარი შინაარსი, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა,  შიმშილობის შეწყვეტა იყო.

„ზიარებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იყო მეუფე ნიკოლოზის გადაწყვეტილება, ადგილზე მიღებული. ამაში არ არის პრობლემა, პრობლემა იყო შიმშილობის გატოლება მარხვასთან“ – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მეუფე ნიკოლოზმა საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აზიარა და განაცხადა, რომ ეს მან დაიმსახურა, რადგანაც 40 დღე იმარხულა.

„40 დღე იმარხულა ამ ადამიანმა. იმარხულა მშრალი მარხვით. ამის შემდეგ, მან თქვა აღსარება და ეზიარა. 30 წელია მე ვიბარებ ადამიანებისგან აღსარებას და ვაზიარებ ადამიანებს და არასდროს არავის მოუცია ჩემთვის შენიშვნა, რომ მე უღირსად ვაზიარე ადამიანი. იგი ეზიარა ღირსეულად. მე დეტალებს ვერ მოგიყვებით, რა და როგორ იყო, მაგრამ მან მიიღო წმინდა ზიარება. ვისაც თვალში ეცოტავება, 40 დღე იმარხულეთ და შემდეგ თქვით აღსარება, ეზიარეთ და ნახავთ, რა ღვაწლი გაწია“ – განაცხადა მეუფემ, რომელმაც საპატრიარქოში ვნებათაღელვა გამოიწვია.  

მსგავსი თემები