„გადამწყვეტი უნდა იყოს კონსოლიდირებული პოზიცია და არა პოლიტიკური პოზიცია“, – სერგეენკო სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე

პარლამენტის ვიცე სპიკერის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს შეფასებით, თუ ექიმების კონსოლიდირებული პოზიცია იქნება, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში პირობები არ არის და მიხეილ სააკაშვილი გადასაყვანია, უნდა მოხდეს მისი გადაყვანა.

„აქამდე ასეთი კონსოლიდირებული პოზიცია არ მინახავს. ვნახულობ ცალკეულს. პირობითად, ადრინდელი კონსილიუმის წევრების ნაწილის, გუშინდელი კონსილიუმის წევრების ნაწილის და ცალკე  სასჯელაღსრულების სისტემის ექიმების. გადამწყვეტი უნდა იყოს კონსოლიდირებული პოზიცია და არა პოლიტიკური პოზიცია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან.

დეპუტატი არასწორად მიიჩნევს ამ საკითხში პოლიტიკური აზრის დაფიქსირებას და გათვალისწინებას.

„რაც შეეხება კონსილიუმს, რომლის ორგანიზებაც სახალხო დამცველმა გააკეთა, კლინიკურ მედიცინაში ალტერნატიული კონსულტაცია მიღებულია. ამ კონსილიუმის მონაწილე ექიმებს პრაქტიკულად ყველას ვიცნობ. ისინი ნამდვილად ავტორიტეტული ექიმები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთში ექიმები შეჯერდნენ. ვვარაუდობ, რომ მათი დასკვნა, იქნება გამოსადეგი და სასარგებლო სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე ექიმებისთვის, რათა თუკი რაიმე გამოსასწორებელია, გამოსწორდეს და უკეთესი სერვისი გვქონდეს“ – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.  

მსგავსი თემები