ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისში გადმოყვანილ გენადი ბესტაევს ოპერაცია ჩაუტარდა

ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისში გადმოყვანილ გენადი ბესტაევს ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპილტალში აცხადებენ, რომ ოპერაცია 4-5 საათს გაგრძელდა.

ექიმ გიორგი გვარამაძის თქმით, პაციენტი იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში, მისი მდგომარეობა მძიმე და არასტაბილურია.

„პაციენტს ჩაუტარდა თავის ტვინის დეკომპრესიული ტრეპანაცია, ჰემატომის ევაკუაცია. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე და არასტაბილურია. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და კრიტიკულია სიტუაცია. ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტი გააგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. მისი დიაგნოზია ჰემორაგიული ინსულტი, სისხლის პარკუჭებში გაჟონვით“, – განაცხადა ექიმმა გიორგი გვარამაძემ.

უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის ოკუპირებული ცხინვალიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა.

„ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის გაუარესების დღიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს მოქალაქის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოყვანასთან დაკავშირებით, ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი აამოქმედა. ამ პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა სხვა საერთაშორისო პარტნიორი. გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრალური ხელისუფლება „ცხელი ხაზის“ მეშვეობით მუდმივ რეჟიმში იღებდა ინფორმაციას“, – განაცხადეს სუს-ში.

მსგავსი თემები