ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აგვისტოს ომთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ საკუთარი მოსახლეობა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაბომბა. კერძოდ, ცხინვალზე იერიში 2008 წლის 7 აგვისტოს, ღამის 2 საათზე დაიწყო, რასაც ელოდებოდა როკის გვირაბთან მდგარი რუსული არმია და ტანკები.
„დიახ, საკუთარ მოსახლეობას ცეცხლი მიხეილ სააკაშვილმა გაუხსნა! 2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიას ნაძირალა სააკაშვილმა გაუხსნა ცეცხლი ცხინვალს, ეს დაადასტურეს ევროკავშირის დამკვირვებლებმა, გაერო-მ, ეუთო-მ, ყველამ იცის ამის შესახებ. იქიდან გაიყვანეს ოსი ეროვნების ჩვენი მოქალაქეები, ქართველები დატოვეს და ცეცხლი გაუხსნეს. ეს გააკეთეს სააკაშვილმა, ბოკერიამ, ადეიშვილმა, ბარამიძემ. ისინი ვერ გაექცევიან ამ 9 წელს“, – განაცხადა ხაინდრავამ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
გოგა ხაინდრავა, სააკაშვილის ხელისუფლების სახელმწიფო მინისტრი იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში და ამბობს, რომ ამბობს, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში 2003 წლიდან მოყოლებული მწვავდებოდა ვითარება. გამუდმებით მიმდინარეობდა სროლების ორივე მხრიდან. გარდა ამისა, საქართველოს საზღვართან ახალი დასრულებული იყო რუსული არმიის წვრთნები “კავკაზ – 2008″ და რუსეთის სამხედრო ძალების მთელი არმია როკის გვირაბთან იდგა დაქოქილი ტანკებით და თბილისიდან ნიშანს ელოდნენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულიყვნენ.
” ხოლო როგორ უნდა შემოსულიყო რუსული ჯარი და რა უნდა გაეკეთებინათ, იმ დროის რუსულ პრესაში იწერებოდა. 2008 წლის 7 აგვისტოს ეს ნიშანი მიიღეს სააკაშვილისგან. ტყუილი ვერ უშველის ამ ქვეყანას, ვერც ჟენევაში, ვერც ჰააგაში და ვერც სტრასბურგში. ამ ქვეყანას უშველის სიმართლე, რომელიც ისედაც ყველამ იცის და ჩვენ აქ თავი გვაქვს სირაქლემას პოზიციაში მიწაში გვაქვს ჩადებული”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, ჟურნალისტები ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს კითხვებს გამუდმებით უსვამენ და ცდილობენ, რაღაც ათქმევინონ, ეს მათ დავალებული აქვთ.
„ერთი და იგივე კითხვა 85-ჯერ ყველა ჟურნალისტმა არ უნდა დასვას. პასუხი მიიღეთ და საკმარისია. თანაც დავალება რომ არის ამ კითხვის დასმა, ყველგან მიდიხართ და კითხულობთ, ქალბატონო სალომე, ომი საქართველომ დაიწყო? სალომე ზურაბიშვილს არ უთქვამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ძალიან კარგად მახსოვს. მე ვარ სალომე ზურაბიშვილის პირველი მხარდამჭერი ამ ქვეყანაში, ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი, სად რა თქვა და რა დაწერა. რუსებმა იღებდნენ რას იზამდა სააკაშვილი. დაანგრევინეს ცხინვალი და მერე შემოიჭრნენ და დღემდე დგანან გორთან. ახლა მითხარით, სალომემ რა თქვა, ის უფრო საინტერესოა თუ სააკაშვილმა რა ქნა? მე მაინტერესებს სააკაშვილმა რა უქნა ჩემს ქვეყანას, თორემ სალომემ რა თქვა სადღაც, ეს არავისთვის საინტერესო არ არის“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.