კალიუმის კრიტიკული დონე, წნევა და მილიონი სხვადასხვა რამ – ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც დღევანდელი მოცემულობით პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს აღენიშნება და ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს.

„ერთ-ერთი მაჩვენებელი – კალიუმი იყო ძალიან დაბალი, კრიტიკულ დონეზე. შევძელით მისი აწევა სხვადასხვა საშუალებებით, მაგრამ ეს მოხდა გადასხმის გარეშე. წესით, ამას ვაკეთებთ გადასხმის საშუალებით, მაგრამ იმის გამო, რომ პრეზიდენტი უარს აცხადებს აქ მკურნალობაზე, მოგვიხდა ტაბლეტირებული ფორმების გამოყენება. ასევე პრობლემები აქვს წნევასთან. მაღალი წნევა ჰქონდა. დაგვჭირდა კიდევ საკმაო ხანი, რომ ეს წნევა მოგვეყვანა ნორმაში. რომ შევაჯამოთ, ჩემთვის, როგორც მკურნალი ექიმისთვის, არაფერი არ შეცვლილა“ – განუცხადა ნიკოლო ყიფშიძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ასე გაგრძელება არ შეიძლება.

„ზუსტად იქ ვართ, სადაც ვიყავით დილას. ავადმყოფი არის ამ დაწესებულებაში, მკურნალობას არ ღებულობს და არაფერი არ ხდება. ესე გაგრძელება შეუძლებელია. მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, შეხვდეს ექიმებს, კონსილიუმს, ალტერნატიული კომისიის წევრებს, ძველ კონსილიუმს და გადაწყვიტონ, ან იქით, ან აქეთ, რას ვუშვებით პრეზიდენტს, გადაგვყავს მაღალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში, თუ არა. ასე გაგრძელება შეუძლებელია.  ვთქვათ, შევწყვიტეთ ეს შიმშილობა, გადავიყვანეთ საავადმყოფოში, მისი მკურნალობა არის ურთულესი პროცესი. ჩვენ შეიძლება, დაგვჭირდეს საზღვარგარეთის სპეციალისტების ჩამოყვანა, რომ პრეზიდენტმა დაიწყოს ნელ-ნელა ჭამა. ეს არ არის ადვილი. მას ჰქონდა ტკივილი მუცლის არეში. ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს მილიონი სხვადასხვა რამის გამო, ამიტომ გვჭირდება ქირურგი. შეიძლება, მის მდგომარეობაში იყოს სისხლის დენა კუჭიდან და ასე შემდეგ“,- განაცხადა ციხის საავადმყოფოდან გამოსულმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები