“მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმოქმედონ ამ გადაწყვეტილების სწრაფად შესრულებისთვის” – კარლ ჰარცელი

ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ამ მოლენების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით გარკვეული წუხილები გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ევროკავშირი დიდი ყურადღებას აქცევს საქართველოში ზოგიერთ ინსტიტუტს.

„სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც შეიქმნა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ მივესალმებით, ვფიქრობ, ეს ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს, რადგან არც დიპლომატები და არაც პოლიტიკოსები არ არიან ექიმები, რათა სამედიცინო რჩევა გასცენ. ვიმედოვნებ, ის მუშაობის გაგრძელებას შეძლებს. ასევე აღვნიშნავ იმ განსაკუთრებულ როლს, რომელსაც ასრულებს სახალხო დამცველი კონსტიტუციის ფარგლებში ამ საქმის ზედამხედველობის, რჩევებისა და შეფასებების გაცემის კუთხით, რასაც ჩვენ ასევე ძალიან ვაფასებთ. მსურს, აღვნიშნო სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, რომელმაც გასცა ძალიან კარგ რჩევები და რეკომენდაციები პატიმრის უფლებებთან დაკავშირებით, რასაც ვაფასებთ. რაც შეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მჯერა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციები შესრულდეს და განხორციელდეს სრულად, სწორედ ამას ველოდებით. რაც შეეხება პატიმართა უფლებებსა და სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებებს, ჩვენ თვალს ვადევნებთ მოვლენებს და შექმნილ ვითარებას, მათ შორის ის, რაც სახალხო დამცველისგან, თავად ბატონი სააკაშვილისგან გავიგეთ გლდანის ციხის საავადმყოფოში მის გადაყვანასთან დაკავშირებით, ასევე ვიხილეთ მის საკანში გადაღებული კადრები, ეს ყველაფერი ჩვენთვის კითხვებს აჩენს და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საქმეში, როგორც საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სრული პატივისცემა“, – განაცხადა ჰარცელმა.

მისივე თქმით, ასევე ყურადღებამისაქცევია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი გუშინ სასამართლო პროცესზე არ დაუშვეს.

„მსურს, ყველას შევახსენო, რას ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეში თავდაცვის უფლებასთან დაკავშირებით, რომ ყველა პირს აქვს უფლება, თავი დაიცვას პირადად ან მის მიერ არჩეული სამართლებრივი დახმარების საშუალებით. ეს არის მნიშვნელოვანი პრინციპები, რომლებიც უნდა იყოს დაცული და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიხილოთ სამართლებრივი პროცესი, რომელიც არის გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და სამართლიანი. წუხელ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გავრცელებულ გადაწყვეტილებას მივესალმები და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ ეს არის დამაიმედებელი პირველი ნაბიჯი წინ უფრო მეტად შეთანხმებული გამოსავლის პოვნისკენ. როგორც ვიცით, ეს შუალედური ღონისძიება შეიცავს გარკვეულ მოთხოვნებს, კერძოდ, მოუწოდებს სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა და პარალელურად შეიცავს ხელისუფლებისადმი სავალდებულო მოწოდებას, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და ჯანმთელობის დაცვა, რომ მან მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. ამასთან დაკავშირებით სასამართლო ანგარიში უნდა გაეგზავნოს 24 ნოემბრამდე.

ვფიქრობ, ეს არის დაბალანსებული მიდგომა, რომელიც იმედი მაქვს, მიგვიყვანს იმ მდგომარეობამდე, როდესაც გარკვეული ძირითად საკითხები წინ წაიწევს, მათ შორის შესაძლო ყველაზე მწვავე საკითხები, რომლებიც ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ეხება. მოვუწოდებ ყველას, რომ პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას და იმოქმედონ რაც შეიძლება სწრაფად მის შესასრულებლად“, – განაცხადა ჰარცელმა.

მსგავსი თემები