“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მისაღები და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და მათი სულისკვეთება ერთმანეთს აბსოლუტურად ემთხვევა. 

მისივე განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ჰუმანური და მისაღებია. 

“საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს წერილით ეცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ერთი კონკრეტული მოთხოვნით – დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. სტრასბურგის სასამართლომ კი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დაჟინებით მოუწოდა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტისათვის.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მისაღები და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება ერთმანეთს ემთხვევა. უწყებამ არაერთგზის განმარტა, რომ ჩვენი ინტერესია პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები.

ყოველივეს გათვალისწინებით, ჩვენ სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას. 24 ნოემბრისთვის კი, ევროპულ სასამართლოს მივაწვდით ინფორმაციას, პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე და რა თქმა უნდა, ასევე გავაგრძელებთ მასზე მზრუნველობას,”- აცხადებს რატი ბრეგაძე. 

მსგავსი თემები