თავდაცვის ძალებში უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ მიმდინარეობს

თავდაცვის ძალებში უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ მიმდინარეობს. სწავლების მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებასა და ურთიერთქმედების დახვეწაა.

წლევანდელ სწავლებაში საშტაბო ნაწილის გარდა საველე კომპონენტებიც არის გათვალისწინებული. საველე სწავლებებში მონაწილეობას თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები იღებენ. ასევე, საველე სწავლებებში თავდაცვის ძალებთან ერთად მონაწილეობენ შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფები მონაწილეობენ.

სწავლების ფარგლებში სიმულაციური სცენარის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს კოორდინირებული მუშაობით უწევთ, საომარ და კრიზისულ სიტუაციაში მოქმედებები, ასევე ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება.

სწავლებაში პირველად არის გამოყენებული ახალი სიმულაციური სისტემები VBS3 (ვირტუალური ბრძოლის ველი), რომელიც საშუალებას აძლევს საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ.

სწავლების სცენარი ეროვნული დონის კრიზისულ სიტუაციას მოიცავს. სცენარის მიხედვით მოხდება კრიზისის ესკალაცია, რომელიც ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში გადაიზრდება. სწავლება დასრულდება კრიზისის დეესკალაციით. სწავლების საშტაბო ნაწილი ორ ლოკაციაზეა მიმდინარეობს – კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრსა და სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში. საველე კომპონენტები გაშლილია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის საერთო საჯარისო ცენტრის სივრცეში მოწყობილია იმიტირებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და გენერალური შტაბი. აქ განთავსებული სტრატეგიული და ოპერატიული დონის წარმომადგენლები ტელე-ვიდეო კონფერენციის საშუალებით ეკრანებზე დააკვირდებიან საველე კომპონენტების მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში (LIVEX) და სწავლების სცენარიდან გამომდინარე შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ. სწავლებაში მოხდება სამობილიზაციო რეზერვის გამოძახებაც.

სწავლება 8 ნოემბერს გაიხსნა და ოფიციალურად 12 ნოემბერს დასრულდება. სამეთაურო-საშტაბო სწავლებათა ციკლი „დიდგორი“ სათავეს იღებს 2012 წლიდან და უკვე მერვედ ტარდება.

მსგავსი თემები