“მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ექმნება” – კლინიკების ასოციაციის ღია წერილი აშშ-ის ელჩს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს და მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანისთვის დახმარებას სთხოვს:

“ქალბატონო კელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკვე 42 დღეა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს საპყრობილეში. პატივს ვცემთ მის ბრძოლას სამართლიანობისთვის, მაგრამ ყოვლად შემაშფოთებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურად პასუხობს შიმშილს, ბევრი რამ დამოკიდებულია ქრონიკული დაავადებების არსებობაზე. მეტაბოლიზმის დარღვევა იწვევს, მთელი რიგი სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციების მოშალს, მოგვიანებით პერიოდში შესაძლებელია განვითარდეს იშემიური მოვლენები და პოლიორგანული უკმარისობა. ერთდროულად რამდენიმე ორგანოს ფუნქციის დარღვევის და ორგანული ცვლილებების ჩამოყალიბების შემთხვევაში ჩნდება რისკი, შეუქცევადი პროცესების განვითარებისა, რისი სრულფასოვანი მართვა საქართველოს პირობებში შეუძლებელია, შესაბამისი პრაქტიკის ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების სიმწირის გამო. მიუხედავად ამისა, იგი გადაყვანილი იქნა “ციხის ამბულატორიის” ტიპის დაწესებულებაში, რომელიც არ აკმაყოფილებს კლინიკისთვის საჭირო, არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო კრიტერიუმებს.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, აშკარად ირღვევა პაციენტის უფლებები, რეალური საფრთხე ექმნება საქათველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს და მის ფიზიკურ უსაფრთხობას. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, სანამ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, აქტიურად ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონგრესმენები, აშშ-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, ამერიკის სამედიცინო საზოგადოება. ამავე დროს გთხოვთ, უშუალოდ მოახდინოთ კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან და დაგვეხმაროთ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას ექიმთა კონსილუმის დასკვნის შესაბამისად, საქალაქო პოლიპროფილურ ( ტიპი C) მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში ან საუკეთესო შემთხვევაში გადაყვანილი იქნას, იგი გერმანიაში, შესაბამისი კვლაიფიკაციის მქონე კლინიკაში, მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის თვალსაზრისით.

ქალბატონო კელი, თქვენი უშუალო და დროული მოქმედების შედეგად გადავარჩენთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს, ვუზრუნველვყოფთ მის უსაფრთხოებას და ქვეყანას ავარიდებთ მოსალოდნელ დესტაბილიზაციას”, – ნათქვამია მიმართვაში.

მსგავსი თემები