საპატრიარქოს განცხადებით, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის რაციონი არასამარხვოა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ორჯერ მოინახულა. საპატრიარქოს შეფასებით, ორივე შემთხვევაში მიტროპოლიტისგან გაკეთებულმა კომენტარმა ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია.

„თადაპირველად მან განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად საყოველთაო შერიგება მიაჩნია, რისი მაგალითიც ქვეყანას პირველმა პირებმა უნდა უჩვენონ, ამასთან, ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ შენდობა და ვაპატიოთ წლების მანძილზე ჩადენილი დანაშაული.

რა თქმა უნდა, სურვილი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებისა და საყოველთაო შერიგებისა ეკლესიისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის, მაგრამ მისი განხორცილებისთვის საგანგებო შრომაა გასაწევი და სათანადო, შეთანხმებული ნაბიჯებია გადასადგმელი (მით უფრო ჩვენს რეალობაში). ასევე აუცილებელია, გათვალისწინებული იქნას დაზარალებულთა პოზიცია და თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველამ ღირსეულად იტვირთოს, რათა სამართლიანობის განცდა აღდგეს.

საეკლესიო სწავლებითაც შერიგება (როგორც ადამიანებს, ისე ღმერთსა და ადამიანს შორის) შეუძლებელია ცოდვათა აღიარების, სათანადო სინანულისა და შესაბამისი ეპიტიმიების აღსრულების გარეშე.

ხოლო, რადგან უპირობო ან გარკვეული პირობით შერიგებაზე და, განსაკუთრებით, ციხიდან გათავისუფლებაზე საუბარი ძირითადად მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში გაჟღერდა, მიუხედავად მაღალი სამოქალაქო ინტერესისა, ობიექტურობიდან გამომიდინარე, ამის სურვილი მაშინ სხვა პატიმრებთან მიმართებაშიც უნდა გამოთქმულიყო. ეს დამოკიდებულება რომ არ იკითხებოდა მიტროპოლიტის განცხადებაში, სწორედ ამან შექმნა საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა“, – აცხადებს საპატრიარქო.

მსგავსი თემები