საქართველო ნატო-ში ინტეგრაციას კონსტიტუციის დონეზე განიხილავს – შეხვედრა ლაგოდეხში 

ლაგოდეხის მოსახლეობა „ნატო-ს დღეების“ ფარგლებში წამოწყებულ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო. ადგილობრივები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, თავიანთ მოწეულ მოსავალს და უსაფრთხოებას უკავშირებენ და არასამთავრობოებისგან თუ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ელოდებიან პასუხს კითხვებზე, – როდის და რა პირობებით გახდება საქართველო ნატოს წევრი და რა სარგებელი ექნება თითოეულ ოჯახს?

„საინფორმაციო ცენტრმა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ“, “ნატო-ს დღეების” ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად სწორედ ლაგოდეხში გამართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დირექტორი ნინო ბოლქვაძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი როსალია პუგლისი, მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი  და საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია.

როგორც შეხვედრაზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როსარია  პუგლისმა განაცხადა, ძველად თუ ქვეყნები ალიანსის სტანდარტებთან დაახლოებას საკუთარი ძალისხმევით ცდილობდნენ, ახლა თავად ნატო მუშაობს იმაზე, რომ დაეხმაროს გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოებს საჭირო რეფორმების გატარებაში.

ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხი ქართულ სახელმწიფოს კონსტიტუციის დონეზე ჰყავს აყვანილი. მან საკუთარ ამომრჩევლებთან ალიანსის წევრობით მისაღებ სიკეთეზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა.

მისივე თქმით, ნატოს წევრი ქვეყნები კი გაცილებით უსაფრთხო ქვეყნებად მიიჩნევა, ვიდრე ამ ორგანიზაციის არაწევრი ქვეყნები

„ადგილობრივ მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაცია და მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები საჭირო და აუცილებელია. ადგილობრივებს გათვითცნობიერებული აქვთ რას ნიშნავს ალიანსის წევრობა ქვეყნისთვის.  ამიტომ, თითქმის ყველა შეხვედრაზე გვეკითხებიან, როდის გავხდებით ალიანსის წევრი. ნატოს წევრობა ნიშნავს, რომ უსაფრთხოება დაცულია, ეკონომიკა ვითარდება, მცირე მეწარმეებსა და ფერმერებს თავიანთი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემები არ აქვთ, დაცულია მათ მიერ მოწეული მოსავალიც, ბიზნესიც დაინტერესებულია თანხა იქ დააბანდოს და ბიზნესინვესტიციები სწორედ იქ განახორციელოს, სადაც უსაფრთხოება მაღალია“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

მსგავსი თემები