„40 დღე იმარხულა და დღეს ეზიარა ღირსეულად“ – მეუფემ მიხეილ სააკაშვილი აზიარა

რუსთავის საპატიმრო დაწესებულება მეუფე ნიკოლოზმა დატოვა. როგორც მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, ძალიან დიდი ღვაწლია.

„40 დღე იმარხულა ამ ადამიანმა. იმარხულა მშრალი მარხვით. ამის შემდეგ, მან თქვა აღსარება და ეზიარა. 30 წელია მე ვიბარებ ადამიანებისგან აღსარებას და ვაზიარებ ადამიანებს და არასდროს არავის მოუცია ჩემთვის შენიშვნა, რომ მე უღირსად ვაზიარე ადამიანი. იგი ეზიარა ღირსეულად. მე დეტალებს ვერ მოგიყვებით, რა და როგორ იყო, მაგრამ მან მიიღო წმინდა ზიარება. ვისაც თვალში ეცოტავება, 40 დღე იმარხულეთ და შემდეგ თქვით აღსარება, ეზიარეთ და ნახავთ, რა ღვაწლი გაწია“ – განუცხადა მეუფემ ჟურნალისტებს.

მისივე შეფასებით, თანამედროვეობაში მას მსგავსი არაფერი უნახავს.

„სამუდამოდ დავივიწყოთ სიძულვილის ენა. თანამედროვე რეალობაში მე ასეთი მაგალითი არ მახსენდება. მხოლოდ ისტორიული მაგალითები შემიძლია დავასახელო.  თანამედროვე რეალობაში ასეთი მაგალითები არ ვიცი. ასეთი იყო დავით მეფე, მეფსალმუნე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და ფსალმუნი დაგვიტოვა, ეს იყო დავით აღმაშენებელი, რომელმაც „გალობანი სინანულისანი“ შექმნა იმიტომ, რომ უცოდველი არავინ არ არის, ბოლოს ეს იყო დემეტრე თავდადებული, რომელსაც ძალიან მძიმე ცოდვები ჰქონდა და ეს თავისი ცოდვები მოწამეობრივი სისხლით ჩამოირეცხა“, – განაცხადა ციხიდან გამოსულმა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი თემები