„რეაბილიტირებული სატუმბი სადგურის საშუალებით ათას ჰექტარზე მეტი ფართობი გასარწყავიანდება” – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისის სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტირებული სადგური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან ერთად დაათვალიერა.

ლევან დავითაშვილი ადგილობრივ ფერმერებსაც შეხვდა. ფერმერებმა აღნიშნეს, რომ სარწყავი სისტემის ამოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუისის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციით 30 წლიანი პრობლემა გადაწყდა და ის ტერიტორიები, რომელთა მორწყვაც ათეულობით წელი რთული იყო, დღეს უკვე წყლით უზრუნველყოფილია.

„უმნიშვნელოვანესი პროექტი განვახორციელეთ სოფელ რუისში, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა იყო სარწყავი წყლის მიწოდების საკითხი. ივლის-აგვისტოში, როდესაც სარწყავი წყლის ყველაზე მეტი საჭიროებაა, ორ მნიშვნელოვან მაგისტრალში, როგორიც არის ზედა რუს და ტაშისკარის არხი, წყლის მიწოდების დეფიციტი გვქონდა. ამ ორი არხის შემავსებელი სატუმბი სადგური, ფაქტობრივად, თავიდან აშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონამდე ლარია. რეაბილიტირებული სადგურით ათას ჰექტარზე მეტი ფართობი გასარწყავიანდება“ – აღნიშნა მინისტრმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „საქართველოს მელიორაციამ” გასული წლის ზაფხულში დაიწყო. სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 960 395   ლარი დაიხარჯა.

მსგავსი თემები