ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 დეკემბერს გაიმართება

ბიზნესმენ,  საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ ბადრი პატარკაციშვილის გახმაურებული მკვლელობის დაგეგმვისთვის დაკავებულ კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილ მაღალჩინოსნებს, წინასასამართლო სხდომამდე პატიმრობა მიესაჯათ. სასამართლო სხდომა 4 დეკემბერს გაიმართება.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სრულად დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების: გიორგი მერაბაშვილის, ლევან ქარდავას და რევაზ შიუკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის განსაზღვრა, რადგან მათი ბრალად ედებათ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„წარდგენილი ბრალდების თანახმად ბრალდებულებმა ჩაიდინეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შეკვეთით, განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მომზადება. საქმის მასალების თანახმად ბრალდებულებს, როგორც შსს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილესა და სამსახურების უფროსებს დაევალათ ბიზნესმენ არკადი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმის შემუშავება”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებულებმა შეისწავლეს ბიზნესმენის, მისი გარემოცვის, დაცვისა და მისსავე ობიექტებზე მომუშავე პერსონალის გადაადგილების გეგმა, ასევე განახორციელეს შესაბამისი ნებართვის გარეშე მათი საუბრების ფარული მოსმენა-მიყურადება. გეგმის თანახმად, არკადი პატარკაციშვილის მოწამვლის, აფეთქების ან ნებისმიერი სხვა ხერხით მისი ფიზიკური ლიკვიდაციის მიზნით ქმედებები განხორციელდა ბიზნესმენის მიერ ქვეყნის დატოვებამდე.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულ გ.მ.-ს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ მის მიმართ პატიმრობა გამოიყენა“, -ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბადრი პატარკაციშვილი, 2008 წლის 12 თებერვალს, ლონდონში, საკუთარ სახლში,  გვიან ღამით გულის შეტევით გარდაიცვალა.  ოჯახის ახლობლები  აცხადებდენ, რომ ბადრი პატარკაციშვილი მოკლეს, ის იყო სრულიად ჯანმრთელი. პატარკაციშვილი 52 წლის იყო.

 

მსგავსი თემები