„მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ესენი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“ – ია მეტრეველი

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, რომელიც 7 ნოემბრის სისხლიან დღეს უკავშირდება, სიტყვით გამოვიდა მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი. როგორც შვილმოკლულმა დედამ განაცხადა, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს, რომ სისხლიანი რეჟიმი ქვეყანაში არ დაბრუნდეს.   

„როგორ აწამებდნენ, როგორ ჟლეტდნენ და უსწორდებოდნენ ახალგაზრდა ბიჭებს. ესენი არიან ბოროტების, ეშმაკის მოციქულები, სატანის მიმდევრები. მინდა, ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაღუპული ახალგაზრდა ბიჭებს მიმართ იური ვაზაგაშვლიდან დაწყებული ბუტათი და კობა დავითაშვილით დამთავრებული, რომლებიც ამოჟლიტეს“-  განაცხადა ია მეტრეველმა აქციაზე და ხელისუფლებას მიმართა.

„ამდენი წლის შემდეგ ისევ ბრძოლა გვიწევს. მინდა ხელისუფლებას მივმართო, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი. დადგა უკვე დრო, არ შეიძლება ასე გაგრძელება. ამდენი წელია ამასთან ჭიდილში დავიღალეთ, როდემდე შეიძლება ქუჩაში ვიდგეთ ამ სატანების ამ კრიმინალების გამო. როგორც კი რამეს გაბედავენ, ყველამ უნდა მიიღოს საკადრისი პასუხი. რაც ჰქვია გადატრიალება, რას ჰქვია პიკეტირება, დამთავრდა მაგათი დრო. ესენი უნდა აიკრძალონ, როგორც პოლიტიკური პარტია, სისხლში ცურავენ. ველოდებით ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს. შევეწირებით და არ დავუშვებთ. სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ მათი არდაბრუნებისთვის“ – განაცხადა ია მეტრეველმა აქციაზე, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევას უკავშირდება.    

მსგავსი თემები