„ფეიკ შიმშილობა“ – მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე

„ქართულ ოცნების“ წარმომადგენელი, დეპუტატი მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას „ფეიკ შიმშილობას“ უწოდებს და აცხადებს, რომ კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა.

„კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა. ალბათ, იშვიათად თუ გახსენდებათ „ფეიკ“ შიმშილობა და ესეც სხვა ტყუილების მთავარი შემკვეთის შესრულებით ვნახეთ. ვამბობდი და მოსალოდნელიც იყო… თუმცა გასაკვირიც არ არის მათგან, ვინც ტერიტორიების 20% რუსეთს ჩააბარა, შემდეგ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, სადაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულა ომის დაწყებაში და რუსულ იარლიყს სხვას აწებებს.

რამდენიმე დღის წინ ვთქვი, ორმოცდამეერთე დღეს ველოდები, როცა სააკაშვილი (ორმოცდღიანი „შიმშილობის“ ფონზე) ისევ ჯანმრთელად იქნება და სასაცილო მდომარეობაში აღმოჩნდება-მეთქი. ეს ნათქვამიც გააყალბეს, სიკვდილს ელოდებიანო. მათი გონება სხვანაირად ვეღარ მუშაობს… ორმოცდამეერთე არა, მაგრამ, ოცდამეჩვიდმეტე დღეს გაირკვა, რომ შიმშილობაც კი მორიგი დადგმული „ფეიკია“.

ტყუილებს და ბოროტებასაც თავი რომ დავანებოთ, უმძიმესი სანახავია და თანამედროვე სამყაროში მხოლოდ პუტინის და კიმ ჩენ ინის შემთხვევაში თუ გაახსენდება ვინმეს ლიდერის (თუ ბელადის) მიმართ ასეთი ფანატიზმი, ლექსების მიძღვნა, გაბზარული, ტირილნარევი ხმა თუ მონოლოგები და ათასი სხვა მესიანისტური დითირამბი! მსგავსი აღარასდროს იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, რომელიც განათლებულ, სამშობლოსმოყვარულ, ეროვნულ და ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებულ მომავალ თაობებს ეკუთვნით!“,- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მსგავსი თემები