„აქციების მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები და ჩემი გათავისუფლება“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი შაბათს, მთელ საქართველოს თბილისისკენ დაძვრისკენ მოუწოდებს. მისი გზავნილის მიხედვით, საჭიროა მუდმივი შეტევა, რომ შედეგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და მისი ციხიდან გათავისუფლება იყოს.

„საჭიროა განსაკუთრებით ოდიოზურ ადგილობრივ მმართველებზე და მათ მიერ ჩადენილ უსამართლობებზე მუდმივი შეტევა და მხილება და რა თქმა უნდა, მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში შემდეგ კვირას და როგორც კი თარიღი გამოცხადდება, ემიგრანტებმა უნდა აჩუქონ ის ერთი დღე საქართველოს, რომელზეც გუშინ მოგმართეთ. მე მხარს ვუჭერ ოპოზიციის ლიდერების გეგმას, რომ ჩამოვიდეთ და არ დავიშალოთ, ასევე, გზა და გზა ცხადია იქნება ბევრი იმპროვიზაცია. ახლა მთავრია მრავალრიცხოვნობა და თქვენ, დიახაც რომ წარმოადგენთ და არჩევნებმა ეს დაადასტურა, ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან, ძალიან, მტკიცე და მობილური.

არ ვიცი ჩემი შიმშილობის რომელი დღე იქნება, მაგრამ მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ და ვიზეიმოთ გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება. ასევე მივესალმები ელენე ხოშტარიას, დიახ ელენე, ნამდვილად არ დამვიწყნია, ან რა დამავიწყებს შენ სახელს, პარლამენტთან და ციხესთან სოლიდარობის, შიმშილობის მონაწილეებს. გავიგე, რომ ციხესთან მოშიმშილე 24 წლის გოგონა, ჩემი საყვარელი ნეკრესელი მეუფის, სერგის შვილიშვილი ყოფილა. მეუფე ახლახან წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იამაყებდა ნინოს სამოქალაქო გმირობით, რომელსაც და ყველა სხვა მოშიმშილესაც მინდა ვუთხრა და მოვუწოდო, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამ საქმისთვის ერთი მსხვერპლიც საკმარისია.

კიდევ ერთხელ მეგობრებო, შაბათის აქციებზე უნდა გამოვიდეთ ბევრნი და მრავალრიცხოვანნი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას. აქციების მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები და ჩემი გათავისუფლება,

მაგრამ არც ერთი ეს არ გახლავთ თვითმიზანი, არამედ არის საშუალება იმისთვის, რათა შევაჩეროთ ფასების უღმერთო ზრდა, ქართველების საქართველოდან მასიური გადინება, ქართველების საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩენის პროცესი, კორუფცია, თქვენ ჯიბეებში მთავრობის მიერ ხელების ჩაყოფა, სიღატაკე და ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ჭაობიდან“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები