„როდესაც ბაზარზე კატაკლიზმები ხდება, უცებ იზრდება პურის ფასიც“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხორბალსა და ფქვილზე ფასების კატასტროფულ მატებაზე ისაუბრა. როგორც ლევან სილაგავამ განმარტა, ხორბლის ფასები მსოფლიოში საკმაოდ პრობლემურია, რაც ბუნებრივად საქართველოზეც აისახება.

„მარაგის მხრივ დღეს კატასტროფა არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს საყურადღებო ვითარება. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, საით წავიდეთ. რამდენიმე წისქვილკომბინატმა უკვე დაიწყო ფქვილის შემოტანა ხორბლის შემოტანის შემცირების ხარჯზე – გადავიდა იმპორტზე. ეს კი ძალიან საყურადღებოა.  მთავრობის ყველა შტო საქმის კურსშია და უახლოეს მომავალში ველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. წისქვილკომბინატები არჩევანის წინაშე არიან – გადაამუშავონ ხორბალი, თუ ფქვილის იმპორტზე გადაერთონ.

ჩვენ არ ვართ იმპორტირებული ფქვილის წინააღმდეგი, სწორი კონკურენციის პირობებში, მაგრამ სხვაობა შემოსულ 1 ტონა ფქვილსა და 1 ტონა ხორბალს შორის 70 დოლარია, რაც მზარდია. ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში მცურავი ბაჟი 25 დოლარი იყო, ახლა 70 დოლარია. შესაბამისად, ყველაზე რთული გამოწვევა ისაა, რომ მარაგების თემაში გადავდივართ“ – განაცხადა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე შეფასებით, თუ წისქვილკომბინატები ხორბლის შემოტანაზე უარს იტყვიან და ფქვილის შემოტანაზე გადავლენ, უფრო რთული ვითარება იქნება, რადგანაც, ამ შემთხვევაში, ცალკე ქატოს შემოტანაც მოგვიწევს.

„დღეს წისქვილები არჩევანის წინაშე არიან, რა გააკეთონ – გადაამუშავონ ხორბალი, ანუ ხორბალი შემოიტანონ, რაც წამგებიანში გადადის, თუ გადაერთონ ფქვილის იმპორტზე. ის თანხა, რომელიც დღეს ხორბლის შესასყიდად გადის, მიმართული იყოს ფქვილის შესასყიდად, შესაბამისად, წისქვილკომბინატები გახდებიან არა ღირებულებათა ჯაჭვის შემქმნელები, არამედ ფქვილის იმპორტიორები. ეს ქვეყანაში მარაგების შემცირებას იწვევს,  რაც სასურსათო უსაფრთხოებასთანაა მიბმული. მეორე მხრივ, ეს არის თემა, მთლიანად ფქვილის იმპორტზე გადავდივართ – ფქვილი შემოდის და პირდაპირ პურის ქარხანაში შედის. ზოგადად, როდესაც ბაზარზე კატაკლიზმები ხდება, უცებ იზრდება პურის ფასი“ – განმარტა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები