„თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ პროტესტის გამწვავებაზე“ – მოშიმშილე ელენე ხოშტარია

პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატ ელენე ხოშტარიას დღეს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა შეხვდა. როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, პროტესტის ორმა უფრო მწვავე იქნება.

„ეს მაინც კარგი მაგალითია იმისა, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი სხვებისგან განსხვავებით ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური უმწვავესი კრიზისი რჩება და სახეზეა, ამ თემის გადაჭრაზე და გამოსავალზე საუბარი არ გვქონდა.  ეს უბრალოდ ადამიანურად მონახულება იყო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. რაღაც დროის შემდეგ თუ არ იქნება რეაგირება, ვფიქრობ, ამ პროტესტის გამწვავებაზე. მერე გეტყვით, ჯერ ვერ გეტყვით. არის ფორმები, რომელზეც ნაფიქრი მაქვს და კიდევ უფრო გამწვავდება. ეს თამაში და ხუმრობა არ არის. ეს პოლიტიკური პოზიორობა არ არის. ეს ეხება პრეზიდენტის სიცოცხლეს. მე გუშინ ღამე, გვიანობამდე მქონდა კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილის ექიმებთან და სიტუაცია პრაქტიკულად ყოველდღიურად მძიმდება. როგორ რისკავენ წარმოუდგენელია“, – განაცხადა ხოშტარიამ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატი, „დროა“-ს ლიდერი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

მსგავსი თემები