„ნელ-ნელა მძიმდება, უფრო მეტი პრობლემა გვექნება წინ“ – მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყოფშიძის განცხადებით, ყოფილი პრზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა მძიმდება. როგორც ნიკოლოზ ყოფშიძე აცხადებს, პრობლემები მეხსიერებაშიც აისახება და ეს ბუნებრივია.  

„ტესტებში ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი იყო, თუმცა, რაღაც-რაღაცები იყო გაუარესებული. არ ვიტყვი, რომ რაღაც დრამატული ცნობები ვნახეთ. შემდეგ გავესაუბრეთ პრეზიდენტს, მისი მდგომარეობა იგივეა, რაც გუშინ იყო. ნელ-ნელა მძიმდება. შიმშილობის დროს ადამიანი უარესად ხდება და უფრო მეტი პრობლემა გვექნება წინ. ამისთვის საჭიროა, ჰოსპიტალიზაცია. შიმშილობის დროს მარტო ღვიძლი არ ზიანდება, არამედ მთელი ორგანიზმი. ასე რომ, სანახავია ბევრი სპეციალისტის მიერ. რაში გჭირდებათ მრავალპროფილური საავადმყოფოო? იმიტომ, რომ ნახოს ბევრმა სპეციალისტმა.

თუ მხედველობაში ვიქონიებთ შიმშილს, სტრესს, გადატანილ კოვიდს, არ უნდა გვიკვირდეს, რომ მეხსიერებაში იყოს პრობლემები“ – განმარტა ციხიდან გამოსულმა მიხეილ სააკაშვილის ექიმმა.  

მისივე თქმით, მისი სურვილია კონსილიუმის შემადგენლობაში მისი ჰოლანდიელი ექიმიც ჩაერთოს.

„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა ნახოს ალტერნატიული კონსილიუმი, რომელშიც შედის მისი პირადი ექიმი ჰოლანდიიდან, რომელიც მკურნალობდა მას კოვიდის დროს და ასევე რამდენიმე ექიმი. სანამ მეორე კომისიას არ შეხვდება, არ შეხვდება პირველ კომისიას. ეს იმიტომ კი არა, რომ პირველი კონსილიუმი ცუდი იყო, არავითარ შემთხვევაში. ორივე კომისია მოსწონს, მაგრამ ალტერნატიულიც უნდა, რომ ნახოს“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები