„მედპერსონალის გადაღლილობას ვერაფერს ვშველით, პერსონალი ძალიან გადაღლილია“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელიც კოვიდ-კლინიკების წინაშე დგას, არის მედპერსონალის გადაღლილობა და არასაკმარისი კადრი, რომელიც 2 წლიანმა 24 საათიანმა მუშაობამ მოიტანა. როგორც „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა,  ადამიანურ რესურსის შემცირებას ვერაფერი შველის.    

„მეხუთე ტალღა” აჩვენებს, რომ ძალიან ცვალებადია ასაკობრივი მაჩვენებელი. არ მინდა პანიკის დათესვა, თუმცა რეალობა ასეთია – მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს მხოლოდ ასაკოვან პაციენტებს. მითია, რომ ეს ვირუსი მხოლოდ ასაკოვან პაციენტებზე ახდენს მძიმე ზემოქმედებას და ცუდ გამოსავალს იძლევა. პრაქტიკულად თანაბარია გამოსავლის თვალსაზრისით. ზუსტად ისევე თანაბარი პროცენტული მაჩვენებლით შეიძლება იყოს მძიმე მიმდინარეობა და ცუდი გამოსავალი ახალგაზრდა ასაკში, როგორც ხანდაზმულ ასაკში“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ე.წ. მეხუთე ტალღაში ვიმყოფებით, რომელიც სეზონურ ვირუსთან ერთად, ვითარებას ამწვავებს.

„ეს ნამდვილად “მეხუთე ტალღაა”. სეზონური ვირუსის თანდართვასთან ერთად,  ველოდებით რესპირატორული დაავადებების რაოდენობის ზრდას.  რა ტქმა უნდა, ეს თავისთავად გაზრდის მძიმე პაციენტების წილს და ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვას.  მძიმე პაციენტების შემოდინებასთან ერთად, ლეტალობის მაჩვენებელიც მატულობს.

კლინიკების და პერსონალის გადატვირთულობა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგებით. მედპერსონალის გადაღლილობას და ადამიანური რესურსის შემცირებას  უკვე ვერაფერს ვშველით.  შეიძლება საწოლი იყოს თავისუფალი, მაგრამ, რის კეთებაც ამ მედპერსონალს შეეძლო ერთი წლის წინ, დღეს ამ რესურსმა მოიკლო იმ მარტივი მიზეზით, რომ პერსონალი არის ძალიან გადაღლილი. ეს არის 24 საათიანი, გაუჩერებელი რეჟიმი, რომელიც არც შენელებულა თითქმის 2 წელია“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.
   

მსგავსი თემები