ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო მუშაობას წყვეტს

საპარლამენტო ფრაქციამ „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო მუშაობა დაასრულა. პროტესტის ნიშნად, ფრაქცია  სხდომების მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხია.

„გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილის  სიცოცხლის საფრთხე არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას. ისტორიას არ რჩება დეტალები, არავის ემახსოვრება რა ბრალდებებით არის დღეს დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ჩვენს ძალიან რთულ პოლიტიკურ ისტორიას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ისტორიას შავ ფურცლად დარჩება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესება და საფრთხე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება“ – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე შეფასებით, ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთ ტრაგიკულ შემთხვევას ვერ გადაიტანს.

„ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია ის დამოკიდებულება, რასაც დღეს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით ავლენს. მერწმუნეთ, რომ ჩვენს ისტორიას აქვს მძიმე გამოცდილება და ჩვენს ქვეყანას უბრალოდ არ აქვს რესურსი გადაიტანოს კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს და იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლა გამოუცხადა რუსეთს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ჩვენი დასავლური მომავლის უზრუნველყოფის მიზნით. ამიტომ, ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით ჩვენთვის მონიჭებულ უფლებას და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში, სანამ სახელმწიფო და ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მის სიცოცხლეს“ – აღნიშნა სამადაშვილმა.

მსგავსი თემები