პროკურატურას არ გაუცია პასუხი მთავარ კითხვაზე, აშანტაჟებს თუ არა მას სუბელიანი – ნანა კაკაბაძე

უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელ ნანა კაკაბაძის განცხადებით, არჩევნების წინ ფარული ჩანაწერების ტირაჟირება, ქართული პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელ ნაწილად იქცა და ხელისუფლება დროს და საბიუჯეტო თანხებს ხარჯავს იმაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ პროვოცირებული და ხშრად შეთხზული ცრუ ინფორმაციები გააბათილონ.

როგორც ნანა კაკაბაძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ​პროკურატურას არ გაუცია პასუხი მთავარ კითხვაზე, არის თუ არა, ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერი უკანონოდ მოპოვებული და აშანტაჟებს თუ არა ის ხელისუფლებას.

“ფაქტია, რომ ჩაწერილი ფაილებში არის ხელისუფლების შანტაჟის შემცველი ინფორმაცია, ანუ სუბელიანი აშანტაჟებს ხელისუფლებას. მთავარია, დაექვემდებარა თუ არა ხელისუფლება შანტაჟს და ამ ინფორმაციებს აქვს კავშირის რეალობასთან თუ არა”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მისივე თქმით, საზოგადოება თუ გააანალიზებს, რასთან გვაქვს საქმე, ადვილი მისახვედრი იქნება, რომ ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა. მათ არაერთხელ აჩვენეს საზოგადოებას, რევოლუციური გზით ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარების შესაძლებლობა.

​თვალთვალისა და მიყურადებით აშანტაჟებდნენ ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლებას. მახსოვს მთავრობის სხდომები, სადაც ყალბ და არასწორ ფოტოებს ავრცელებდა სააკაშვილი. შევარდნაძეს, რაც ჰქონდა გაკეთებული ქვეყნისთვის ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ რა სიგიჟეებსაც უგონებდა სააკაშვილი, მაინც მოჰყვა ამას შედეგები. საზოგადოებამ დაიჯერა, რომ სააკაშვილის გუნდი იქნებოდა უკეთესი. ამ შანტაჟის გზით შეცვლილმა ხელისუფლებამ რაც მოუტანა ქვეყანას ყველამ კარგად დავინახეთ. მთელი 9 წლის განმავლობაში გაგრძელდა ეს ხელწერა და მთელი საზოგადოება იყო უკანონო თვალთვალის მსხვერპლი. მიყურადების, პირადი ცხოვრების კადრების ამსახველი მთელი სერიალები დარჩა მემკვიდრეობით “ქართულ ოცნებას” “ნაციონალებისგან”. იგივე ხელწერით გრძელდება პოლიტიკური პროცესები დღესაც. გაუგებარი, ზოგჯერ უშინაარსო ჩანაწერების გამოქვეყნებით იქმნება განწყობა, რომ რაღაც ცუდი ხდება ქვეყანაში”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მისივე თქმით, ​ქვეყანაში ბევრი მიმართულებით ხდება ცუდი რამ, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ნაცვლად იმისა, ხელისუფლება ბიუჯეტის თანხებს ხარჯავდეს საზოგადოების კეთილდღეობაზე, მათი დრო და ბიუჯეტის ფინანსები “ნაციონალური მოძრაობის” მიერ პროვოცირებული და ხშრად შეთხზული ცრუ ინფორმაციების გაბათილებაზე იხარჯება.

მსგავსი თემები