სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოროტება და რევანშისტული პოლიტიკური ძალა უწოდა, რომლის ერთადერთ მიზანს არეულობა და ქაოსი წარმოადგენს.
კობახიძის შეფასებით, არავინ, ვინც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე შეტევის მიტანას, არ დარჩება დაუსჯელი. კანონის წინაშე და კანონის შესაბამისად, ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს. დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულირება, რათა უწყება იძულებული გამხდარიყო, მოეხდინათ სააკაშვილის სხვა ლოკაციაზე გადაადგილება, რასაც ნაციონალური მოძრაობისთვის მძიმე პროვოკაციის მოწყობის შანსი უნდა მიეცა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ მცდელობასაც სახელმწიფო სათანადო რეაგირებას დაუპირისპირებდა. დღეს ყველამ დაინახა, რომ სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობა ისეთივე წარუმატებლობისთვისაა განწირული, როგორც მისი ქურდული შემოპარვა საქართველოში“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მისივე შეფასებით, სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობით, სოციოლოგიური კვლევების გაყალბებითა და არეულობის გეგმების შედგენით იკვრება წრე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ბოროტ ბუნებასა და მის რევოლუციურ და დესტრუქციულ გეგმებს კიდევ ერთხელ ადასტურებს.