“უკრაინაში ყველას ერთი პოზიცია გვაქვს, ჩვენს მოქალაქეს მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ მივატოვებთ” – უკრაინელი დეპუტატი

უკრაინაში ყველას ერთი პოზიცია გვაქვს, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე პრეზიდენტს: ჩვენ ჩვენს მოქალაქეს მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ მივატოვებთ. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი არ არის, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რომლის უკან დაბრუნებაც ძალიან გვსურს, – ამის შესახებ უკრაინის რადის დეპუტატმა ალექსანდრ კოვალჩუკმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლამდე განაცხადა.

„ყველა განვიცდით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ყველას გვესმის, რომ 30 დღე ეს ძალიან დიდი დროა შიმშილობისთვის და შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა უნდა იქნას უზრუნველყოფილი. ჩვენ ჩამოვედით, რომ შევხვდეთ მიხეილს, მის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატოთ, დავრწმუნდეთ, რომ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის უკვე საფრთხეშია, მაგრამ რამდენად სერიოზულია ეს საფრთხე. ჩვენ გვსურს მას გადავცეთ დიდი პოზიტიური ენერგია იმ უკრაინელებისგან, რომლებიც აფასებენ იმას, რაც მან საქართველოსთვის გააკეთა, ახსოვთ ის რეფორმები, რომელიც საქართველოში გაატარა. მთავარი, რაც ჩვენ გვსურს მას გადავცეთ არის ის, რომ უკრაინაში ძალიან ბევრი ადამიანი ღელავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე,“- აღნიშნა დეპუტატმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა პერსპექტივას იმ მოლაპარაკებებში, რომელიც უკრაინასა და საქართველოს შორის მიმდინარეობს, დეპუტატმა უპასუხა, რომ სხვა გზა არ არის. „სხვა გზა არ გვაქვს, როგორ შეიძლება ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის? ასე არ შეიძლება, ეს შეუძლებელია,“- განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, შოკირებულია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებით და ასევე იმით, რომ სამი დღის განმავლობაში მისი მონახულების საშუალებას არ აძლევდნენ.

„სამი დღის განმავლობაში ველოდით, რომ შეხვედრაზე შევეშვით. დღეს ბოლო დღე იყო, იმიტომ რომ ყველას გარკვევით განვუცხადეთ, რომ დღეს აქედან მივემგზავრებით. დღევანდელი დღე ჩვენი ვიზიტის ბოლო დღე და მასთან შეხვედრის ბოლო შანსი იყო,“- აღნიშნა დეპუტატმა.

მსგავსი თემები