“ბატონო მიშა სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან ექვსი წელი ბევრი დროა და კარგად ყოფნა გჭირდება” – თეა წულუკიანი

ვიმყოფებით დადიანების სასახლეში, ზუგდიდში, სადაც აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნების“ მერი და იმ ოცივე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ იზეიმებს გამარჯვებას, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა,

მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს ციხის საავადმყოფოებში არც ერთი განყოფილება არ გაუქმებულა, თუმცა არაერთი რეფორმა განხორციელდა. წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნების“ რეფორმების შედეგია, რომ მე-18 სამკურნალო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტის საავადმყოფოა.

„ჩემი მინისტრობის დროს განყოფილებები არ გაუქმებულა, ჩემი მინისტრობის დროს ჩატარდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, მაგალითად, უკვე 2020 წელს პატიმრებს აღარ უწევდათ ამბულატორიული თუ სტაციონარული მკურნალობისთვის თვეობით რიგში დგომა. ასევე მრავალი სიახლე მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ რეფორმების შედეგად მე-18 დაწესებულება კარგად მოწყობილი, თანამედროვე სტანდარტის საავადმყოფოა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, თეა წულუკიანმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. როგორც წულუკიანი ამბობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პირობებში, სახელმწიფო ყოველთვის ზრუნავს ყველა პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მათ შორის გამონაკლისი არ არის მიხეილ სააკაშვილი.

„მე როდესაც ვიყავი იუსტიციის მინისტრი, ათეულობით პატიმარი შიმშილობდა ხოლმე. ზოგი აპროტესტებდა თავის ბრალს, ზოგი აპროტესტებდა ზოგიერთი თავისი სურვილის შეუსრულებლობას. ეს რა თქმა უნდა, მათი უფლებაა, მაგრამ მე ყველა ამ პატიმარს და დღეს უკვე ამ პატიმრებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილსაც მოვუწოდებ შიმშილობის შეწყვეტის, მკურნალობისკენ და საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის მოფრთხილებისკენ, ვინაიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პირობებში, სახელმწიფო ყოველთვის ზრუნავს ყველა პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ამ შემთხვევაში, არც მიხეილ სააკაშვილი არ არის გამონაკლისი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ბატონო მიშა სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან ექვსი წელი ბევრი დროა და გჭირდება კარგად ყოფნა.

ზუგდიდში ორშაბათს გათენდება დილა, როცა მერი იქნება წოწერია. გათენდება ზუგდიდში დილა, როდესაც „ქართული ოცნება“, პროგრესი და სინათლე გაიმარჯვებს და არა ის სამარცხვინო ბოროტება, რომელსაც აქ წარმოადგენს მელია, „ნაციონალური მოძრაობა“ ეს თქვენი ძვირფასი არხი, რომელიც ახლა კვლევებს აყალბებს და აჩვენებს საზოგადოებას, თითქოს „იფსოსმა“ თქვა, რომ იგებს მელია. არა, „იფსოსმა“ შემდეგ თქვა, რომ იგებს წოწერია, ამიტომ ხართ ისტერიკაში. შესაბამისად, ექვსი წელი არის ბევრი დრო. ქართველებს აღარ უნდათ მიშა, ქართველებს აღარ უნდათ „ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად, ყველა პატიმარი უნდა იყოს ჯანმრთელად, მათ შორის სააკაშვილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხზე საუბრისას წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახური არც ერთ პატიმარს არ მისცემს თავის დაზიანების უფლებას.

„დღეს ჩვენ გვაქვს პენიტენციური სამსახური, რომელიც არც ერთ პატიმარს არ მისცემს საკუთარი თავის დაზიანების უფლებას, რადგან სიცოცხლის უფლება არის მთავარი. ეს არის უმთავრესი უფლება და ასევე ჩვენს ციხეებში მკურნალობაზე უფლება არის დაცული“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები