უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე, ხელისუფლებისგან მოითხოვს, განმარტონ, რომელ კანონს დაექვემდებარა მირზა სუბელიანის დაპატიმრება. თუ ის ციხეში დანაშაულის დაფარვაზე ზის, მაშინ ის პოლიტიკური პატიმარია და რაზეც ფარულს ჩანაწერებში საუბრობს, სიმართლეა. კერძოდ, რომ მას გაურიგდა ხელისუფლება.
“ხორავას ქუჩის ტრაგედიაში მონაწილე ბავშვებს შორის ერთ-ერთი იყო მისი შვილი. კანონი ძალიან ცალსახად ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს არ აქვს ვალდებულება, ოჯახის წევრის მიერ ჩადენილი დანაშაული გათქვას. მას არ გააჩნდა ვალდებულება საკუთარი შვილის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. მაშინ ისმის კითხვა, არის თუ არა სიუბელიანი მართლი, როდესაც ის ამბობს, რომ არის პოლიტიკური პატიმარი და ექვემდებარება თუ არა “ქართული ოცნების” ხელისუფლება “ნაციონალური მოძრაობის” შანტაჟს და მათ მიერ შეთავაზებულ დღის წესრიგს”, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, სუბელიანის შემთხვევა მეტყველებს იმაზე, რომ დღეს ხელისუფლება ეყრდნობა არა კანონს, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური შანტაჟს.
“არ ვარ დარწმუნებული, რომ მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ზის. თუ ეს ასეა, მაშინ არ არსებობს მისი დაპატიმრების იურიდიული საფუძველი. ყველაფერი შემდგომი, რაზეც სუბელიანი საუბრობს, – რომ გადამერჩინა ხელისუფლება, წავალ ციხეშიო, – ჰგავს რეალობას. გამომდინარე აქედან ხელისუფლება აგორებული შავი პიარის მძევალი ხდება. ეს ძალიან მძიმედ შემოუტრიალდება ხელისუფლებას ვიდრე ოქუაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციები, თუ აღმოჩნდება, რომ ეს ადამიანი სასჯელს იხდის იმ მუხლით, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.
აღსანიშნავია, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის დეკემბერში, მოზარდების ერთი ჯგუფის მიერ 2 თანატოლის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი. პროკურატურის ინფორმაციით, ის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.