ამოღებულია პისტოლეტები, შაშხანები, ხელყუმბარები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო. დანაშაულისთვის კი 1960 წელს დაბადებული პ.ს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, 9 ვაზნა და პნევმატური პისტოლეტი, ასევე, ფული – 11 200 დოლარი, 50 ევრო და 3 695 ლარი.

„პოლიციამ სოფელ კრწანისში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, საბრძოლო ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია ამოიღო. სამართალდამცველებმა თბილისში, პ.ს.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: “ტტ”-ს კონსტრუქციის 3 პისტოლეტი, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, “კომპაქტის” და “არკუსის” მოდელების 2 პისტოლეტი, „გეკოს“ ტიპის 2 იარაღი, 4 სანადირო გლუვლულიანი თოფი და 3 შაშხანა, სასწავლო ხელყუმბარა და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 4182 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული – 36 700 დოლარი. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“ – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი თემები