„ლისის ფერდობზე განაშენიანება არის ბომბი ქალაქში“ – თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავარში“  

  •  

„ლისის ფერდობზე გაჩენილი ნაპრალები და მეწყრული პროცესები არ გაჩერდება, მას ვერაფერი შეაკავებს“  – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა  თეა გოდოლაძემ გააკეთა. 

პროფესორის შეფასებით, ლისისა და მთაწმინდის ფერდობებზე განაშენიანება მთლიანად უნდა აიკრძალოს.

„ლისისა და მთაწმინდის ფერდებზე განაშენიანების ეს ფორმა კატეგორიულად ასაკრძალია. მათი გეოლოგიური სტრუქტურიდან გამომდინარე ასეთი ტიპის დატვირთვა ყოველთვის გამოიწვევს მსგავს პროცესებს, ეს პროცესები არ გაჩერდება. ლისის ფერდი არ არის მხოლოდ მაჭავარიანის ქუჩა. დაწყებული ნუცუბიძიდან ვაშლიჯვრის ბოლო კორპუსამდე არის ლისის ტბის ფერდი და მას აქვს ერთი გეოლოგიური სტრუქტურა, სადაც მსგავსი ტიპის ჩარევა ყოველთვის გამოიწვევს მეწყერსაშიში ზონის პროვოცირებას“ – განაცხადა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მან მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების გაიხსენა და აღნიშნა, რომ მეწყრული უბნების გამაგრება დროებითია და მას არაფერი ეშველება.   

„ჩაჭრეს გზა მაჭავარიანზე – დაიძრა მეწყერი. მთლიანად მეწყერსაშიშ უბანზე გაიყვანეს რაღაც სულელური გზა, რომელიც გელოვანს უერთდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ დანაპრალება კი აღარ არის, არის ბომბი ქალაქში. მეწყერსაშიში ადგილების გამაგრების პროცედურები ძალიან მძიმე პროცედურებია, რომლის არც საინჟინრო გამოცდილება, არც პრაქტიკა და არც სპეციალისტები გვყავს“, – განაცხდა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ ლისის ფერდობზე ახალი ნაპრალები გაჩნდა. თბილისის მერიამ მშენებარე კომპანია დააჯარიმა, რომელიც მშენებლობას მანამ ვერ გააგრძელებს, სანამ ფერდს არ გაამაგრებს.

მსგავსი თემები