“მიხეილ სააკაშვილს რამე რომ დაემართოს, ამ დოქსოპულო ღარიბაშვილს და პუტინის მონა ივანიშვილს დედამიწაზე არ დაედგომებათ” – გიორგი ბარამიძე

მიხეილ სააკაშვილს რამე რომ დაემართოს, ამ დოქსოპულო ღარიბაშვილს და პუტინის მონა ივანიშვილს დედამიწაზე არ დაედგომებათ, არათუ საქართველოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბარამიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას არავინ შეარჩენს“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ითხოვენ დამკვიდრებულ პრაქტიკას, როცა გართულების შემთხვევაში პაციენტი მულტიპროფილურ კლინიკებში გადაჰყავთ.

„თვითონ მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არაფერს არ ითხოვს. ჩვენ, მისი მხარდამჭერები, მისი პარტია და ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები იმიტომ ვითხოვთ მის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას, რომ იქ უფრო უკეთესი შესაძლებლობებია და თან, იმასაც ვამბობთ, რომ ეს პირველი არ არის. მაშინ, რატომ გადაჰყავთ ხოლმე სხვა პაციენტები, როდესაც მათი მდგომარეობა კრიტიკულია და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება?! სხვაგან რატომ გადაჰყავთ ხოლმე, იქ, სადაც ჩვენ ვითხოვთ? ანუ, ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს ხომ არ ვითხოვთ?! ვითხოვთ ზუსტად იგივე დამკვიდრებულ პრაქტიკას, თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელთან, ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში, რომელსაც ამდენი ადამიანი უჭერს მხარს“, – განაცხადა ბარამიძემ.

ბარამიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ 2012 წელს ხელისუფლებაში ტყუილებით მოვიდა, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 9 თვის ბავშვი ქვევრში დაახრჩო და თითქოს, ადამიანებს ვიღაც ცოცხით აუპატიურებდა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უარყოფს თუ არა იმ ფაქტს, რომ მაშინ ციხეებში ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას, ბარამიძემ კითხვითვე უპასუხა – „ახლანდელ ციხეში არაადამიანური მოპყრობა არ ხდება?“

„არაადამიანური მოპყრობა, სამწუხაროდ, ხდება არა მარტო საქართველოში, ჩვენი ხელისუფლების დროსაც და ამ ხელისუფლების დროსაც. ახლა, ამას თუ ბადრაგები არ აკეთებენ, აკეთებს უკვე ქურდული სამყარო, რომელმაც უკან გადმოიბარა ციხეების მართვა, მაყურებლები კლავენ ადამიანებს და მაყურებლები აწამებენ. ახლა არ ხდება და ახლა არ იცით ამის შესახებ?! ან, რომელიმე სახელმწიფო არის დედამიწის ზურგზე, ბადრაგების მიერ არაადამიანური მოპყრობა რომ არ ხდებოდეს?!“, – განაცხადა ბარამიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს ალტერნატიული სცენარი დაბრუნების დროს და რა ახსნას უძებნის იმ ფაქტს, რომ ექსპრეზიდენტმა ტრაილერიდან მეორე ვიდეო ჩაწერა, სადაც თავს სპეცსამსახურების მიერ გატაცებულად აცხადებს, ბარამიძემ თქვა, რომ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰკითხონ.

„ვფიქრობ, ძალიან კარგად იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი არავის არ მოუტაცია და ის თავისი ნებით ჩამოვიდა. გასაგებია ახლა, რომ ამბობს, მომიტაცესო, რაღაც ჩაწერა იმისთვის, რომ ვიღაცამ მერე ეს სისულელე დაატრიალოს. იუმორიც არსებობს და სხვადასხვა რაღაცაც არსებობს. ეს, რატომ ჩაწერა, მეხეილ სააკაშვილს ჰკითხეთ, როდესაც, როგორც იქნება, დაინიშნება სასამართლო განხილვა“, – განაცხადა ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძემ ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია არა მერიაში თანამდებობები, არამედ არსებული რეჟიმის შეცვლა და ადგილობრივი არჩევნები იმიტომ არის რეფერენდუმი, რომ ხალხმა ეს ხელისუფლება იურიდიულად, კიდევ ერთხელ ცნოს არალეგიტიმურად.

მსგავსი თემები