„კოვიდი“ და გრიპი სიმპტომებით მსგავსია, ნოემბერი და დეკემბერი უფრო რთული იქნება – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავართან“

​ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, კორონავირუსი და სხვა გრიპისმაგვარი ვირუსები სიმპტომებით იმდენად იდენტურია, მათი გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ნოემბერი და დეკემბერი, ამ მხრივ კიდევ უფრო რთული იქნება.    

„საფრთხეს წარმოადგენს ის, რომ რესპირატორული ინფექციების სეზონზე გადავდივართ და ნოემბერიც და დეკემბერიც რთული იქნება. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ველოდებით გრიპის შემთხვევების აღმავლობას. პანდემიის საწყის ეტაპზე „კოვიდი“ სფეციფიკური სიმპტომებით გამოირჩეოდა და ხშირად ექიმებს ძალიან ადვილად, კლინიკური ეჭვი იქონდათ, რომ ეს იყო კოვიდი და ადვილი გასარჩევიც იყო გრიპისგან და სხვა ვირუსული ინფექციებისგან“ – აღნიშნა ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავართან“.  

მისივე შეფასებით, „კოვიდსაც“ იგივე გამოვლინება აქვს, რაც გრიპის ვირუსს.

„მას შემდეგ, რაც „დელტა შტამმა“ მიიღო ასეთი გავრცელება და კოვიდის სიმპტომები იმდენად ჰგავს სხვა რესპირატორულ ინფექციებს, კლინიკურად, ხშირ შემთხვევებში, გარჩევა შეუძლებელია. კოვიდი ძალიან ხშირად მიმდინარეობს სურდოთი, რაც ადრე არ იქცევდა ყურადღებას, რადგანაც სურდო კოვიდის სიმპტომი არ იყო, დღეს კი ძალიან ბევრი სიმპტომი მიმდინარეობს სურდოთი, ყელის ტკივილით და სტანდარტული სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომებით და გარჩევა შეუძლებელია, სანამ არ გავაკეთებთ ტესტს“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.     

მსგავსი თემები