ომბუდსმენის დასკვნით, ციხის საავადმყოფოში სააკაშვილს სრულფასოვან დახმარებას ვერ გაუწევენ

სახალხო დამცველის აპარატმა ციხის საავადმყოფოში არსებული ვითარება და მზადყოფნის ხარისხი შეისწავლა. შედეგად დადგინდა, რომ სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, არსებული ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ  დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, ხედავენ რისკებს უსაფრთხოების კუთხით.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, იუსტიციის სამინისტრომ უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც მესამე პრეზიდენტს სათანადო მკურნალობა ჩაუტარდება.

„N18 დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებით, ასევე, ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო აღჭურვილობის დათვალიერებით დადგინდა, რომ დაწესებულებას გააჩნია პატიმართა (მათ შორის მოშიმშილეების) სამედიცინო საჭიროებების მიწოდებისთვის საჭირო რესურსები. თუმცა, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა ითვალისწინებს გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებას, რაც სამწუხაროდ N18 დაწესებულებაში შეუძლებელია. მაგალითად, ვერ განხორციელდება მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება. ასევე, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს.

მონიტორინგმა ცხადყო, რომ იმ შემთხვევაში თუ, მოხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც განისაზღვრა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ, ვერ შესრულდება ადგილზე და საჭირო იქნება, პერიოდულად მისი გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. იმ გარემოების გათვალისწინებით კი, რომ ხანგრძლივად მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებისა და დამძიმების სრულფასოვანი წინასწარი პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვითარების კრიტიკულად შეცვლის შემთხვევაში, შესაძლოა პაციენტის გაყვანის პერიოდში საკმაოდ მძიმე ან გამოუსწორებელი შედეგები დადგეს“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის დასკვნაში.

მსგავსი თემები