თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ დაწყებულია მზადება, რომ შესაბამისი აპლიკაცია გაიგზავნოს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით.
როგორც სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, მათი თვითმიზანი არ არის, რომ ხორავას ქუჩის საქმეში მონაწილე არასრულწლოვნები ციხე მოხვდნენ და მათი ცხოვრება დამახინჯდეს. ამ ბავშვებს არ უნდა მიეცეთ სტიმული, რომ შეიძლება დანაშაული ჩაიდინონ, მაგრამ დაუსჯელები დარჩნენ.
”ჩვენ გვინდა დაისაჯოს მხოლოდ ის არასრულწლოვანი იქნება თუ სრულწლოვანი, ვინც მიიღო დანაშაულში მონაწილეობა. მიხეილ კალანდიას თუ ექნება ბრალი წარდგენილი, ეს ნიშნავს, რომ ფარდა აეხდება მთელი იმ ქმედებებს, რომელსაც საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები ეწეოდნენ მისთვის ხელის დაფარების მიზნით”, – აცხადებს სარალიძის ადვოკატი.
მისივე თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერებით გამჟღავნდა ის, რომ მირზა სუბელიანსა და ხელისუფლებას შორის შედგა გარიგება. საუბარია ერთი წლის რეალურ და პირობით სასჯელზე.
“საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას დადასტურდა რომ სუბელიანთან შედგა საუბარი, ბოლო დრომდე ხდებოდა აპელირება, რომ სუბელიანს არ ჰქონდა შემხებლობა დანაშაულთან და ინფორმაცია ამ დანაშაულზე. ბრალი წარდგენილი აქვს დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით. ეს არ არის ის დანაშაული, რომელიც სუბელიანმა ჩაიდინა. ეს არის საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივა დადგინდეს რა შემხებლობა ჰქონდა ამ საქმესთან, მეორე საკითხია ვინ გამოიძიებს არ საქმეს. ჩვენ არ გვყავს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელსაც ვენდობოდით. ახალმა მთავარმა პროკურორმა მოგვცა პირობა, რომ მისი ზედამხედველობით გაგრძელდებოდა ამ საქმეზე მუშაობა და იმედია ასეც იქნება”, – აცხადებს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.