არც ერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ, უნდა გავიგოთ, ვინ მოკლა დავით სარალიძე – ადვოკატი

  •  

​თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატი  ნესტან ლონდარიძე, მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება, ბრალდებულ  მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე, რადგან ამ ჩანაწერებში რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა,  პროკურატურა არასწორი გზით მიდის, როდესაც საქმე აღიძრა პირადი ჩანაწერის უკანონოდ მოპოვების მუხლით და ძირითადი ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ გავრცელდა ეს ჩანაწერები, მაგრამ არაფერია ნათქვამი თავად საუბრის შინაარსზე.

ადვოკატი იზიარებს მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია, ასევე, შესწავლილ იქნას ჩანაწერის ნამდვილობა და  კანონიერად განხორციელდა თუ არა მისი ჩაწერა.

“სწორედ ამიტომ მივმართავთ მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს შესწავლა იმ ფაქტობრივი გარემოებების, რის შესახებაც საუბრობს მირზა სუბელიანი ამ ჩანაწერებში. ეს არის მნიშვნელოვანი. დაზარალებული ზაზა სარალიძე მუდმივად ამბობდა, რომ მირზა სუბელიანს გააჩნდა საკმაოდ გავლენა საგამოძიებო ორგანოებზე და მის მიერ ნაკარნახევი გზით ხდებოდა საქმის გამოძიება. რატომღაც არ ხორციელდებოდა დეტალების შესწავლა. საპარლამენტო კომისიის პირველ დასკვნაშიც გამახვილდა ყურადღება სუბელიანის გავლენაზე, მაგრამ საპარლამენტო კომისიის პასუხი იყო, რომ სუბელიანს გამოძიებაზე გავლენა არ მოუხდენია”, – აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

მისივე თქმით, დღემდე არ არის ამოღებული ბრალდებულ მირზა სუბელიანის სატელეფონო საუბრები.

“არასრულწლოვნების მიმართ განხორციელდა ზემოქმედება, ამაზე საუბრობს სუბელიანი. მაგრამ პროკურატურა არაფერს ამბობს იმაზე, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები არის შესასწავლი. მირზა სუბელიანის საუბარში არაერთი მძიმე დანაშაული იკვეთება. ადამიანების გატაცება, ცემა, წამება, ამაზე დღეს ყურადღება ნაკლებად ხმაურდება. სასურველია ასეთი ფარული ჩანაწერების ომი არ გვქონდეს წინასაარჩევნოდ, მაგრამ როდესაც ეს ვრცელდება, ვფიქრობ ​სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს სათანადო რეაგირება”, – აცხადებს სარალიძის ადვოკატი.

​მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს ზაზა სარალიძის პროტესტს პოლიტიკური სარჩული დაუდონ, იმის გამო, რომ ის ეძებს მისი შვილის მკვლელს.

​”ჩვენ ერთი ნაბიჯითაც არ დავიხევთ უკან, სანამ არ გამოიძიებენ ამ დანაშაულს, არ დადგინდება ვინ მოკლა დავით სარალიძე. ეს არ ყოფილა შემთხვევითი დანაშაული, თბილისის ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას ბავშვს კლავენ 12 ჭრილობით და ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თურმე არის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც ხელი შეუშალა გამოძიებას და სიმართლე ვერ დადგინდა”, – აცხადებს ადვოკატი.

მსგავსი თემები