„კოვიდ ინფიცირებულები თავისუფლად გადაადგილდებიან“ – მაია ბუწაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველოში ამჟამად არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებო და ძალიან სერიოზულია. ნოემბერ-დეკემბერი კიდევ უფრო რთული იქნება“ – ეს განცხადება  ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც ინფექციონისტი აცხადებს, არსებული რეგულაციების დაცვა ისევ პრობლემაა.

„ეპიდვითარება ნამდვილად საყურადღებო და ძალიან სერიოზულია. აღმავლობა შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად შეინიშნებოდეს ნოემბრის შუა რიცხვებისკენ. რაც შეეხება ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, დაბალია.  როგორც წესი, თავიდან უფრო მეტი ადამიანი იცრება იმიტომ, რომ მოტივირებული ადამიანები, ვინც ვაქცინას ელოდებიან, ის ხალხი თავიდან სწრაფად იცრება, მერე უფრო რთულია ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა“, – განაცხადა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ინფექციონისტის შეფასებით, ბოლო რამდენიმე თვეა, ქვეყანაში ინფიცირების თუ გარდაცვალების კუთხით მაღალი ციფრები ფიქსირდება. ზამთრის სეზონთან მიახლოება კი ვითარებას უფრო დაამძიმებს.

„ყოველთვის ვეწინააღმდეგები განსაკუთრებულად მძიმე შეზღუდვებს იმიტომ, რომ ძალიან მძიმედ აისახება ეს ჩვენს მოსახლეობაზე, მაგრამ  არსებული შეზღუდვების აღსრულება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რაც არ ხდება. საერთოდ არ ხდება კონტაქტების იზოლაცია. უფრო მეტიც, კოვიდ ინფიცირებულებიც კი თავისუფლად გადაადგილდებიან“ – აღნიშნა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მან გრიპისა და გრიპისმაგვარი ვირუსებისა და კორონავირუსის თანხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიმპტომები იმდენად იდენტურია, შეუძლებელია გარჩევა, კორონავირუსია თუ გრიპის ვირუსი.  

მსგავსი თემები